შინ დაბრუნებულს წერილი დამხვდა: “ყველანი მომბეზრდით, ცხოვრებას აზრი არა აქვს, არ მეძებოთ, სიკვდილი მინდა”

ქმარი ცოლს დაემუქრა, თავს მოვიკლავო, წერილიც დატოვა, რომ არ ეძებნათ და გაქრა. მაგრამ წლების შემდეგ თვითმარქვია თვითმკვლელი იპოვეს. 

ქეთევან ლ.: – მე და გურამს სკოლიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლა­ დავამთავრე თუ არა, ცოლად გავყევი, შეგვეძინა­ სამი მშვენიერი შვილი. შესანიშნავი მამა და ქმარი იყო.

– აბა, რა მოხდა, თვითმკვლელობით რატომ დაგემუქრათ?
– იმ წელს, სანამ დაიკარგებოდა, რამდენიმე თვითადრე, ძალიან შე­იცვალა. დადიოდა გაშტერებული. ვეხვეწებოდი, წავიდეთ ექიმთან, ცუდი არაფერი გჭირდეს-მეთქი. ჯერ ჩუმად მიშორებდა, ერთ დღეს კი ისე მიღრიალა, რომ შიშით გული გამისკდა. ერთ საღამოს შინიდან გაიქცა. მეგონა, მშობლებთან წავიდა, იქ არ დამხვდა. დედამთილ-მამამთილმა სასტუმროში მიაგნეს. იმათაც ეჩხუბა – თავი დამანებეთო. ერთი კვირის შემდეგ მოვიდა.­ ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს ბავშვები ბაღში წავიყვანე და სამსახურში წავედი. შინ დაბრუნებულს წერილი დამხვდა: “ყველანი მომბეზრდით, ცხოვ­რებას აზრი არა აქვს, არ მეძებოთ, სიკვდილი მინდა.­ გურამი”. პოლიციაში განცხადება შევიტანეთ, ვითხოვდით დახმარებას. მაგრამ გაქრა კაცი, თითქოს მიწამ უყო პირი. ცხონებული მისი მშობლები მასზე დარდს გადაჰყვნენ. 
გავიდა 20 წელი. ერთ დღეს უფროსმა ვაჟმა მით­ხრა, – ვიღაც კაცმა რუსეთიდან სოციალურ ქსელში მომწერა, მამაშენს ვიცნობდიო. შვილს ვთხოვე, სოციალური ქსელი გამიხსენი და ის კაციც მაჩვენე, ვინც მამაშენზე მოგწერა-მეთქი. 

– დაეჭვდით, რომ შეიძლებოდა ცოცხალი ყოფილიყო?

– დავეჭვდი, რომ თვი­­თონ მამა გამოეხმაურა­ შვილს. ფოტოები არ ედო, ვიღაც რუსის გვარით იყო დარეგისტრირებული. რაც უფრო მეტად ვიჩხრიკებოდი მის, ერთი შეხედვით არაფრისმთქმელ ინტერნეტაქტივობებში, უფრო მიძლიერდებოდა ეჭვი, რომ ჩემი ქმრის კვალს მივყვებოდი.

– როგორ დარწმუნდით, რომ ის იყო?

– ჩემი შვილის სახელით მიმოწერა გავუბი. გამოვკითხე, საიდან იცნ­ობდა გურამს. რაღაცებს ბოდავდა. თქვენთან ოჯახშიც ვიყავი, პატარები მახსოვხართო, ეგონა, რომ ბიჭმა, რახან ადრე დაკარგა მამა, არ ემახსოვრებოდა, ვინ დადიოდა ჩვენთან­. რა იცოდა იმ იდიოტმა, რომ მე მელაპარაკებოდა. 

მოკლედ, დავადგინე რომ გაქცევის მიზეზი ქალი იყო, მათთან, ავტოქარხანაში სამუშაოდ ჩამოსული რუსი ქალი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მის გასატყუებლად. ის ქალი სიმსივნით გარდაცვლილა. ორი შვილი ჰყავთ, გოგო­ნები. ჩემი შვილებისთვის არც მითქვამს, რომ მამასთან და დებთან კონტაქტი არ გქონდეთ-მეთქი, თვითონ გადაწყვიტეს, მამასთან ურთ­იერთობა არ გვინდაო­. არც მიკვირს, თავს ვიკლავო, საშინელი­ წერილი დაგვიტოვა და გაქრა, ჩვენ კი მისი საფ­ლავიც გავაკეთეთ და როგორც ჩანს, ოცი წელი ცოცხალს დავტიროდით. 

სოფო გამრეკელი

kvirispalitra.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •