ისრაელში მყოფი ქართველები ახალი განგაშის მოლოდინში არიან. ისრაელში, ღაზას სექტორის საზღვართან 40 კილომეტრში დაწესებული საგანგებო რეჟიმი მოხსნილია. ამ დროისთვის იქ სიმშვიდეა, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში. ისრაელისა და ღაზას სექტორის მებრძოლებს შორის ორდღიან შეტაკებებს 4 ისრაელელი და 23 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან 600-ზე მეტი ჭურვი ისროლეს, ებრაულმა მხარემ კი საპასუხოდ 320 სამიზნეზე მიიტანა იერიში. დაპირისპირებულ მხარეებს გაერომ და საერთაშორისო საზოგადოებამ სიმშვიდისკენ მოუწოდა. ჰამასის მიერკონტროლირებადმა ტელევიზიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ისრაელი კომენტარს ჯერ არ აკეთებს. საინტერესოა, როგორია კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტების მდგომარეობა და რას ფიქრობენ ისინი მიმდინარე მოვლენებზე. 
ლალი შერმადინი, ქალაქი აშდოდი:– დღეს ქალაქში ისეთი სიმშვიდეა, თითქოს გუშინ ბომბები არ ცვიოდა. შეიძლება ითქვას, რომ ორი დღე და ღამე რაკეტების წვიმას ვუყურე. რა ბედნიერება იქნებოდა, საქართველოსაც ასეთი თავდაცვა რომ ჰყავდეს. ისრაელის არმიამ ჰაერში განაღმა ბომბები. მოსახლეობაც მობილიზებულია, პანიკა არსად შემინიშნავს. მე პირველად მოვყევი ასეთ დაბომბვაში და ძალიან შემეშინდა. მოხუც ცოლ-ქმარს ვუვლი. 9 სართულიან კორპუსში მეცხრე სართულზე ვცხოვრობ. გული გამისკდა, ვიფიქრე, რომ პირველად ჩვენ დაგვეცემოდა ბომბი. მოხუცებმა მითხრეს, სამალავში შედი, ნუ გეშინიაო. მათი შეყვანაც დავაპირე, მაგრამ უარი მითხრეს, ვიდრე ჩვენ შეგვიყვან ყველაფერი დამთავრდება, შენ შედი, ჩვენ არ გვეშინიაო. 

– სამალავი, სარდაფში გქონდათ?– არა, აქ კორპუსში ყველა ბინას თავისი სამალავი ოთახი აქვს, ეს ისეთივე ჩვეულებრივი და საჭირო რამაა, როგორც სამზარეულო და აბაზანა. პატარა ოთახია, ფანჯრების გარეშე, რკინის კარით. ამობობენ, განსაკუთრებულად მყარად, რკინა-ბეტონით არის აშენებული და ბომბი ვერაფერს დააკლებსო. ეს ცოტა დაუჯერებლად მომეჩვენა, მაგრამ სამალავში მაინც შევედი. მერე თავბედი ვიწყევლე. რკინის კარი ჩამეკეტა და ძლივს გამოვედი, ფრჩხილები სულ დავისისხლიანე. უჰაერო ოთახში კინაღამ გავიგუდე. ერთ-ერთი დაბომბვის დროს ქუჩაში მყავდა ჩემი მოხუცები. მე პანიკაში ჩავვარდი, ერთ მოხუცს ხელი დავავლე და გავიქეცი, მეორეს მივაძახე, მოვბრუნდები და შენც წაგიყვან-მეთქი. ის კი მეძახდა, მოიხედე, შენს თავზეა განაღმული ბომბიო. საშინელი განცდა იყო. ვფიქრობდი, აქ რომ მოვკვდე, საფლავიც არ მექნება, აქ ვინ მომძებნის-მეთქი. 

fb
– ემიგრანტები ერთმანეთს არ დაუკავშირდით?– რომ გადაირა ყველაფერმა მერე შევეხმიანეთ ერთმანეთს. საბედნიეროდ ყველა გადავრჩით. 

– ადგილობრივების განწყობა როგორია, რას ამბობენ?– ამათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. მშვიდად და ფრთხილად არიან. ეს დღეები სკოლა, ბაღი, სავაჭრო ცენტრები დახურულია. ქუჩაშიც იშვიათად გადიან. მე მათსავით მშვიდად ვერ ვარ, ძალიან განვიცდი, ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოკვდა გაჩერებაზე მდგარი ქალი, როგორ დაიწვა ავტომობილი… 

თეა ქურდაძე, აშდოდი:– ყოველ 4 მაისს აქ “აზაკა” იმართება. ეს არის დღე, როდესაც ჰიტლერმა ექვსი მილიონი ებრაელი გაწყვიტა. ამ დღესთან დაკავშრებით განგაშის სიგნალი ირთვება. ასე რომ პირველ ჯერზე არ შემეშინდა, ვიფიქრე, რომ “აზაკას” სიგნალი იყო. ცოტა ხანში განგაშის ზარი განმეორდა, კორპუსში ჩოჩქოლი შეიქმნა და მეც მივხვდი, რომ ჩვენს თავს ცუდი ამბავი ხდებოდა. ჩვენი კორპუსი ძველი აშენებულია და ბომბდამცავი ოთახები არ გვაქვს, ამიტომ ქუჩაში გავვავრდით. საოცრად მობილიზებული იყო ყველა. ქალაქში უცებ ჩადგეს ბეტონის სამალავები. ხალხიც არ იყო პანიკაში. იმ წუთში თითქოს მეც ყოჩაღად ვიყავი, ყველაფერი რომ დამთავრდა, მერე მოვწყდი ერთიანად. ამათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. გუშინ ქალაქი იბომბებოდა, დღეს ხალხი ჩვეულებრივად წავიდა სამსახურში. ძალიან მინდა სახლში დაბრუნება, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. სამუშაო მჭირდება.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.– ასეთი შეთანხმება და ხელშეკრულება ათასჯერ დაიდო. სულ რამდენიმე დღის წინაც გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მშვიდობა უნდა დამყარებულიყო, მაგრამ მოულოდნელად დაგვბომბეს. აქ გამორიცხული არაფერია. შეიძლება ეს შეთანხმება სულ რამდენიმე საათშიც დაარღვიონ. 

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •