გახვრეტილი გალაქტიკა

ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკული ცენტრის მეცნიერებმა მულოდნელად აღმოაჩინეს, რომ “რაღაც უცნობმა, მკვრივმა, ტელესკოპისთვის შეუმჩნეველმა სხეულმა, ჩვენს გალატიკაში გაიარა და მასში გიგანტური ხვრელები დატოვა”. ამ აღმოჩენის დამადასტურებელი ფაქტები მათ ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების კონფერენციაზე წარადგინეს.

მოხსენება ამ საკითხზე ასტროფიზიკოსმა ანა ბონაკამ წარმოადგინა. მისი თქმით “ხვრელები” ჩვენს გალაქტიკაში განლაგებულია ყველაზე გრძელ ვარსკვლავურ ნაკადში GD-1-ში. ეს არის ვარსკვლავების ჯგუფი, რომლებიც მოძრაობენ გალაქტიკების ორბიტების გასწვრივ.

ჩვეულებრივ პირობებში ეს ნაკადი ერთი წყვეტით გაჭიმული უნდა იყოს დაახლოებით ერთ ხაზზე იმ ადგილიდან, სადაც ადრე იყო ამ ვარსკვლავთა სფეროსებრი კრებული, სანამ მათ გაფანტვა დაიწყეს. მაფრამ, ბონალას განცხადებით, მან აღმოაჩინა, რომ GD-1-ს აქვს მეორე წყვეტაც, ამასთან დაგლეჯილი კიდეებით, თითქოს რაღაც დიდმა სხეულმა გაარღვია ეს ნაკადი და თან ვარსკვლავთა ერთი ნაწილიც გაიყოლა, მიზიდულობის ძალის გავლენით.

“ჩვენ არ შეგვიძლია ეს მოვლენა დავუკავშიროთ რაიმე მანათობელ ობიექტს. ეს რაღაც გაცილებით მასიურია, ვიდრე ვარსკვლავი. რაღაც, მილიონჯერ უფრო მასიურმა, ვიდრე მზეა. ასეთი მასის ვარსკვლავები არ არსებობს. თუ ის შავი ხვრელი იყო, ის დაახლოებით იმავე ზომებისაა, როგორც ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე შავი ხვრელი”, — განუცხადა მეცნიერმა Live Science-ს.

მისი თქმით გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს გალაქტიკაში “ირმის ნახტომში” მეორე შავი ხვრელიც იყოს. მაგრამ ამ შემთხვევაში, იგი შესამჩნევი იქნებოდა, გამოსხივების, ან ნათების სახით. ამიტომ ის თვლის, რომ ეს არ არის შავი ხვრელი, არამედ “შავი მატერიის” რაღაც გორგალი, რომელიც შესაძლოა, არაერთგვაროვანი იყოს. მისი თქმით საუბარია გიგანტურ ზომებზე – 10-20 პარსეკ დიამეტრზე (30-65 სინათლის წელზე). ბონეკას თქმით, ეს რომ მანათობელი ობიექტი იყოს, მისი არდანახვა შეუძლებელი იქნებოდა.

მეცნიერი აცხადებს, რომ შემდგომში აპირებს ამ გიგანტური ობიექტის ძიების გაგრძელებას.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •