ფასიანი პარკირება და 24,18,12,10 და 8 მეტრიანი ავტობუსები – მერიის არსენალი საცობებთან ბრძოლაში

112

უნივერსალური რეცეპტი, რომელიც ქალაქს საცობებისგან გაანთავისუფლებს ჯერჯერობით არ არსებობს. მთელ მსოფლიოში ამ პრობლემის მოგვარებას კომპლექსურად ცდილობენ, გამონაკლისი არც თბილისია.
საცობებთან საბრძოლველად მერიამ ორი მთავარი პრიორიტეტი დაისახა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ცვლილებები პარკირების არსებულ წესში. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ახლო მომავალში თბილისის ქუჩები ზონალური პარკირებისთვის  A, B და C კატეგორიებად დაიყოფა. რომელ უბანს რომელი კატეგორია მიენიჭება ჯერჯერობით გადაწყვეტილი  არ არის თუმცა, როგორც სატრანსპორტო პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, A კატეგორიის ქუჩები შესაძლებელია იყოს გარეუბნებში და ისეთ ადგილებში, სადაც პარკინგზე მოთხოვნა ნაკლებია, B კატეგორიის იქნება საშუალოდ მოთხოვნადი ქუჩები, ხოლო C კატეგორიაში შევა ქუჩები, სადაც პარკინგზე მაღალი მოთხოვნაა.
რაც შეეხება ფასს. გადაწყეტილი ამ შემთხვევაშიც არაფერია, თუმცა არსებობს შეთავაზება, რომ A კატეგორიაში ერთსაათიანი პარკირება 1 ლარი, B -ში 1,50 ლარი, ხოლო C-ში  2 ლარი ღირდეს. არასამთავრობოების ნაწილს  ფასიანი პარკირების შემოღება ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამტარუნარიანობა არ გაიზრდება დაუშვებლად მიაჩნია, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ივლისიდან კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება.
რაც შეეხება პარკირების მეორე ეტაპს. არასამთავრობოების ინფორმაციით, ზონალური პარკირების მეორე ეტაპი თბილისში დიდი ალბათობით 2020 წლიდან ამოქმედდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისათვის, თბილისში მოძრავი ყვითელი ავტობუსები მთლიანად ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება. შესაბამისად, მერიაში ფიქრობენ, რომ  ზონალური პარკირება დედაქალაის მოსახლეობისა და ავტომფლობელებისათვის ნაკლებად მტკივნეული იქნება.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ  ავტობუსების ახალ სამარშრუტო სქემა, რომელზეც ფრანგულმა კომპანია  „სისტრა“  მუშაობს, მზად დაახლოებით 2 თვეში იქნება. როგორც ირკვევა, ახალი სამარშრუტო სქემა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ ავტობუსებმა, მიკროავტობუსებმა და მეტროპოლიტენმა ერთმანეთთან სინქრონიზებულად იმუშაონ. მერიაში მიაჩნიათ, რომ ეს ერთი ტრანსპორტიდან მეორეზე მგზავრის შეუფერხებელ და კომფორტულ გადაჯდომას უზრუნველყოფს და  დანიშნულების ადგილამდე გადაადგილების დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამავდროულად, მგზავრთა ნაკადიდან გამომდინარე, თითოეული მარშრუტისთვის განისაზღვრება დასანიშნი ავტობუსების ტიპი, რაოდენობა და  მოძრაობის გრაფიკი. გეგმის თანახმად,  დაახლოებით 10  ე. წ. სატრანსპორტო დერეფანში 24, 18,12, 10 და 8 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს.