უამრავი ტურისტი შემოდის საქართველოში, რომელიც დღეში 5 დოლარსაც არ ხარჯავს

"თბილისის "შერატონის" მომსახურების ფასი სამჯერ აღემატება ნიუ იორკის იმავე დონის სასტუმროს ტარიფებს"

147
ტურისტები საქართველოში

საქართველოში ერთი ტურისტი, საშუალოდ, დღეში 88 დოლარს ხარჯავს. ქვეყანაში არ მოქმედებს არც ტურისტული მოსაკრებელი და არც კონკრეტული თანხაა დაწესებული, რომელიც სასაზღვრო კონტროლის გავლისას სტუმარს თან უნდა ჰქონდეს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვაზე უნდა იზრუნოს, სერვისი და ინფრასტრუქტურა კი ამისათვის მზად არ არის.

შარშან საქართველოში 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, აქედან წმინდა ტურისტული მიზნით – დაახლოებით 4 მილიონი. ზუსტი სტატისტიკა, რამდენს ხარჯავენ ქვეყანაში სტუმრები, უცნობია, საშუალოდ, ეს ციფრი დღეში 88 დოლარს შეადგენს.

საქართველოში არ მოქმედებს ტურისტული მოსაკრებელი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში რამდენიმეჯერ დადგა დღის წესრიგში. ასევე, ქვეყანასარა აქვს დაწესებული თანხა, რომელიც ვიზიტორმა სასაზღვრო კონტროლისას უნდა წარადგინოს. შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში ეს რეგულაცია მოქმედებს და უმეტესად 50 ევროს შეადგენს, თუმცა არის ქვეყნები, სადაც თანხის მოცულობა უფრო მეტია. მაგალითად, ესპანეთში, სულ რამდენიმე თვეა, ტურისტს, მინიმუმ, 90 ევრო განუსაზღვრეს.

იმ პირობებში, როცა მსგავსი რეგულაცია არ არსებობს და სტუმრების უმეტესობა მეზობელი ქვეყნებიდანაა, ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ შენგენის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტები უნდა მივიღოთ. გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ტურიზმის სექტორში დიდი ზრდაა ევროკავშირის ქვეყნებიდან.

“ჩვენი სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა, რომლებიც მოდიან ისეთი განვითარებული და მდიდარი ქვეყნებიდან, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფოები. ეს ზრდა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა, ვფიქრობთ, უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს, რომ ეს მონაცემები კიდევ გავზარდოთ,” – აღნიშნა მინისტრმა.

მაღალი ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი მთავარია, არარის გასაკვირი, სწორედ მხარჯველი სტუმრების მოზიდვა სურდეს სხელმწიფოს, თუმცა მეორე საკითხია, რამდენად არის ამისათვის ქვეყანა მზად, რამდენად მაღალი ხარისხისაა მომსახურება.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია “რეზონანსთან” ამბობს, რომ საქართველოში სერვისის სფეროძალიან დაბალი ხარისხისაა. ამ დროს თბილისში სასტუმროს ფასი სამჯერ მაღალია ნიუ იორკში იმავე კლასის სასტუმროს ფასზე.

“არც ერთ ქვეყანას არ სურს თავის ქვეყანაში ღარიბი ტურისტები. ეს ლოგიკურიცაა, მაგრამ ამისათვის მაღალი დონის ინფრასტრუქტურაცაა საჭირო. ჩვენთან კი ინფრასტრუქტურაც და მომსახურებაც საკმაოდ ცუდ დონეზეა. თანაც ბრენდული სასტუმროები ძირითადად ერთგანაა თავმოყრილი და არ არის გადანაწილებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე მხრივ, მათი მომსახურება ძალიან ძვირია. მაგალითისათვის, თბილისის “შერატონის” ფასი სამჯერ მეტია ნიუ იორკის იმავე დონის სასტუმროს ღირებულებაზე.

სიახლეების გარეშე გამორციხულია ასეთი ტურისტების ჩამოყვანა. ამ თვალსაზრისით, შავი ზღვის ზოლი ნამდვილად გამოცოცხლდა. იცით, არის კიდევ ერთი პრობლემა, მზადყოფნა სიახლეებისადმი, რომელიც არ გააჩნია ჩვენს მოსახლეობას. მაგალითად, შენდება ვარძიის მოპირდაპირედ სასტუმრო მიწაში, რომელსაც სოციალურ ქსელშიც დიდი პოლემიკა მოჰყვა და ადამიანების დიდ ნაწილს არ მოეწონა, მიუხედავად იმისა, რომ რეალური შეფასება არავისგან მსმენია.

ერთ დღეში თითოეული ტურისტის დახარჯული თანხის მოცულობა დაახლოებით 88 დოლარს აღწევს. ეს არის საშუალო სტატისტიკური მონაცემი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ, სამოგზაუროდ მაინც არ არის იაფი”, – ამბობს კვარაცხელია.

საქართველოში ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, რომელიც 5 დოლარსაც კი არ ხარჯავს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი ამბობს, რომ ამ სფეროში რეგულაცია აუცილებელი და დაგვიანებულიცაა.

“ქსელური და მაღალი ხარისხის სასტუმროები ნამდვილად არსებობს საქართველოში და ტურისტებიც ჰყავთ, მაგრამ მაინც ვერქმნის ამინდს, რადგან მხოლოდ ეს სფერო გაუმჯობესდა და მომსახურებისა და სერვისის ყველა სხვა დარგი უკიდურესად განუვითარებელი დარჩა. სწორედ ამის გამოც მაღალბიუჯეტიანი ტურისტებისათვის მიმზიდველი ქვეყანა მაინც არ ვართ. იანვარ-თებერვალში თითქმის არ ჩამოსულან მხარჯველი ტურისტები.

საქართველოში არ არსებობს დაწესებული თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ტურისტს საზღვრის გადმოკვეთისას. მიუხედავად მაღალი საშუალო სტატისტიკური მონაცემისა, ძალიან ბევრი ტურისტი დღეში 5 დოლარსაც არ ხარჯავს. კვლევებით და პირადი გამოცდილებითაც დასტურდება, რომ თანხას, რომელიც მიგაქვს სამოგზაუროდ ნაღდი ფულის სახით, ბოლომდე ხარჯავ. ამიტომ ეს რეგულაცია ძალიან აუცილებელი და დაგვიანებულია,” – აღნიშნა “რეზონანსთან” მანანა ალადაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაღალი არ არის, ქვეყნის მშპ-ში მისი წილი 15%-ს აღემატება.

რეზონანსი