რუსმა დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მთავრობას საქართველოს დასჯის რეკომენდაცია მისცეს. დოკუმენტის ერთხმად მიღების შემდეგ კი რუსმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ საქართველო რუსოფობიური რიტორიკისა და განწყობის გამო მკაცრად და სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი პირდაპირ მუქარას აჟღერებს.

„რა მიზანია საქართველოში – საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება მისცენ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომ გამოიყენონ ქართული აეროდრომები ანუ ყოფილი საბჭოთა აეროდრომები, ირანის დასაბომბად. ამის სანაცვლოდ, საქართველო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს და ქვეყნისგან არაფერი დარჩება, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ, მერე გვიანი იქნება. ეს პატარა ტერიტორიაა, თან საუკეთესო აეროპორტი – ვაზიანი – თბილისთანაა. სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ ქალაქ თბილისში ჩავარდება, მაგრამ ამ ეტაპზე რისთვისაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ,“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.

დეპუტატების ნაწილი ამბობს, რომ მხოლოდ მინერალურ წყალზე, ღვინოსა და ფულად გზავნილებზე შეზღუდვების დაწესება საკმარისი ზომა არ არის.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიისა და მედიკამენტების იმპორტის შეწყვეტასაც მოითხოვს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართავთ მთავრობას, რომ მან თავისი მხრიდან მიმართოს პრეზიდენტს წინადადებებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წყლისა და ღვინის მიწოდების აკრძალვას ეხება. მიგვაჩნია, რომ მართებული იქნებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ფულადი გზავნილების აკრძალვაც. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში, რუსოფობიისა და სიძულვილის პირობებში, არ შეიძლება დასასვენებლად რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გაგზავნა. ისინი შესაძლოა, ამ სიტუაციის მძევლები გახდნენ. როგორ დააღწევს თავს ქართული მხარე ამ სიტუაციას, რთული სათქმელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ასე მოქცევა დაუშვებელია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოს და მის ხელმძღვანელობას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეს,“ – აცხადებს ვოლოდინი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •