იოსებ სტალინის ლიტერატურული ფსევდონიმი ”სოსელო” გახლდათ. სწორედ ამ ფსევდონიმით წერდა სტალინი ლექსებს. წარმოგიდგენთ მის რამოდენიმე ნამუშევარს.

დილა
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო

მთვარეს
იარე დაუღალავად,
თავი ნუ ჩაგიკიდია,
გაჰფანტე ნისლი ღრუბლების,
უფლის განგება დიდია.
ნაზად შესცინე ქვეყანას
შენ ფეხ-ქვეშ გადაჭიმულსა;
მყინვარს დამღერე ნანინა,
ზეციდან გადმოკიდულსა.
კარგად იცოდე, რომ ერთხელ
ძირს დაცემული, ჩაგრული
კვლავ აღემართვის მთას წმინდას,
იმედით აღტაცებული.
მაშ, ტურფავ, წინანდებურად
ღრუბლებში გაიკაშკაშე,
ლურჯ კამარაზე საამოდ
სხივები შეათამაშე.
მეც გადავიხსნი საკინძეს
და მკერდს მოგიშვერ მთვარესა,
ხელ-განპყრობილი თაყვანს-გცემ
ქვეყნად შუქ-მომფინარესა!

შხამით აღსავსე ფიალა

ამ ქვეყნად იგი, ვით ლანდი,
კარის-კარ დაწრიალებდა;
ხელთ ეპყრა მუხის ფანდური,
ხმა ტკბილად აწკრიალებდა;
მის საოცნებო ჰანგებში;
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური,
ბევრს აუძგერა იმა ხმამ
გული, ქვად გადაქცეული;
ბევრს გაუნათლა გონება,
ბნელ-უკუნეთად ქცეული.
მაგრამ, დიდების მაგიერ,
სად ჩანგმა გაიწკრიალა,
განდევნილს ბრბომ იქ დაუდგა
შხამით აღვსილი ფიალა. . .
და უთხრეს: ,,შესვი, წყეულო,
ეგ არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო!“

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •