თევზები

ახალი ამბავი არ არის, რომ წყალი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებაა. ალბათ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ სიცოცხლე პირველად წყალში წარმოიშვა. ადამიანები ხმელეთზე ვცხოვრობთ, თუმცა ჩვენი სხეულის დაახლოებით 60% სხვა არაფერია, თუ არა წყალი.

დედამიწაზე არსებული წყლის 96,5 პროცენტი ზღვის წყალია, რომელიც ადამიანისთვის გამოუსადეგარია. როგორც იცით, ცხოველების უმეტესობას გადარჩენისთვის მტკნარი წყალი სჭირდება, თუმცა ამავდროულად, სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ოკეანეებსა და ზღვებში ცხოვრობს.

როგორ ახერხებენ ეს ცხოველები წყლის მიღებას?

წყალში მცხოვრები ცხოველები საჭიროების მიხედვით მარილიან წყალსაც სვამენ და მტკნარსაც, მიღებული წყლის რაოდენობა იმის მიხედვით განსხვავდება, თუ რა გარემოში ცხოვრობენ ისინი. წყლის ცხოველების დიდ ნაწილს სპეციალიზირებული თირკმელები აქვთ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, რომ შარდი განსაკუთრებით კონცენტრირებული გახადონ. ამ ადაპტაციის წყალობით ასეთ ცხოველებს ზღვისა და ოკეანეების წყლის მიღებისას გაუწყლოება არ ემართებათ.

როგორც იცით, წყალი მაღალი კონცენტრაციის გარემოდან მუდმივად დაბალი კონცენტრაციის გარემოსკენ მოძრაობს. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ მემბრანა, რომლის ერთ მხარესაც მარილიანი წყალია, ხოლო მეორე მხარეს კი მტკნარი, წყალი მტკნარი გარემოდან მარილიანში გადავა, მანამ, სანამ ორივე მხარეს კონცენტრაცია არ გათანაბრდება.

მტკნარი წყლის თევზების ორგანიზმში მარილების კონცენტრაცია მათ საცხოვრებელ გარემოში არსებულზე უფრო მაღალია, რის გამოც წყალი მათ სხეულში დიფუზიის საშუალებით ადვილად აღწევს. შესაბამისად, ასეთ თევზებს წყლის დიდი რაოდენობით დალევა არ სჭირდებათ. მათი შარდი კი წყლით ძლიერად ზავდება, რათა არ მოხდეს წყლით მოწამვლა.

ოკეანეებისა და ზღვების თევზების შემთხვევაში საქმე საპირისპიროდაა. მათ საცხოვრებელ გარემოში მარილები თევზების ორგანიზმში არსებულზე უფრო მაღალი კონცენტრაციითაა, რის გამოც, წყალი ორგანიზმს მუდმივად ტოვებს. ამის გამო, ასეთი თევზები წყალს ხშირად სვამენ, მათი თირკმელები კი სხეულში წყლის შესანარჩუნებლად ორგანიზმიდან მარილებს მუდმივად დევნის.

on.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •