ახალშობილი

2019 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3,723 მილიონია და 2018 წელთან შედარებით 6 100 ადამიანით, ანუ, 0,2%-ითაა შემცირებული. ასევე გაზრდილია საზღვარგარეთ წასული მოსახლეობის რაოდენობაც – 2018 წელს 100 000-მდე ადამიანია გავიდა ქვეყნიდან და მათგან 11 ათასი ადამიანი უცხოეთში ემიგრაციაში დარჩა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნიდან 98 935 ადამიანით გავიდა, 2017 წელთან შედარებით 16%-ით მეტი და მათგან უკან არ დაბრუნდა 10%. მიგრაციული სალდო იყო მინუს 10 783, რაც ასევე გაზრდილია. 2017 წელს მიგრაციული სალდო იყო მინუს 2 212 ანუ, 2 212 ადამიანი დარჩა უცხოეთში.

ასევე წინა წლებთან შედარებით შემცირებულია ბუნებრივი მატებაც. 2018 წელს ბუნებრივი მატება იყო 4 614, როცა, წინა წლებში ბუნებრივი მატება 6 000-მდე ფიქსირდებოდა, 2014-15 წლებში კი ბუნებრივი მატება 11 ათასი იყო.

დემოგრაფი ავთანდილ სულაბერიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობა მცირდება, ბერდება და ეს სამწუხარო ტენდენცია უახლოეს წლებშიც გაგრძელდება. მისი თქმით, ამ პრობლემის მიზეზი მიგრაციის დიდი მაჩვენებელი და შობადობის კლებაა.

„მოსახლეობა ორი მიზეზით მცირდება. ერთი მიზეზია ის, რომ ბუნებრივი მატება შემცირდა, შემცირებულია შობადობა და გაზრდილია მოკვდავობა. მეორე წყაროა – მიგრაცია. შობადობის შემცირება, ერთის მხრივ, კანონზომიერი პროცესია, ჩვენ შევიცვალეთ, რეპროდუქციული ქცევის ცვლილება მოხდა. ზემო ასაკებში შედარებით შობადობა გაიზარდა, ქვედა ასაკებში კი შემცირდა. ასევე ხდება შობადობის გადავადება, პირველ და მეორე შვილზე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო, თუმცა მესამე შვილთა რაოდენობა ლიდერობას ინარჩუნებს.

„პატრიარქის ინიციატივის შემდეგ მესამე შვილზე მოთხოვნა არის, მაგრამ ამას სახელმწიფო ვერ უბამს მხარს. ახლა მიიღეს კანონი მრავალშვილიანი დედის შესახებ, მეოთხე შვილიდან. მე თავიდანვე ამის წინააღმდეგი ვიყავი, ეს ეფექტს ვერ გამოიღებს, მესამე შვილიდან უნდა დაიწყოს მრავალშვილიანობის განსაზღვრა. მით უმეტეს, დახმარებას ვერ ვუწოდებ იმას, რაც მეოთხე და მეტ შვილზეა განსაზღვრული – თითო ბავშვზე 20-ლარიანი ვაუჩერი.

„ასე რომ, ოჯახის პოლიტიკისკენ ყურადღების მიქცევას პარლამენტი ნაკლებად ცდილობს. იაფფასიანი პოპულისტური განცხადებები და ღონისძიებებია, რომელსაც შედეგი ვერ მოაქვს. ამას სერიოზული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება უნდა.

„ანალოგიურად ხდება მიგრაციის კუთხითაც. ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ქვეყნიდან და ბევრი რჩება უცხოეთში, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. პარლამენტში გადის კანონი ემიგრაციაზე ხელშემწყობთა დასჯის შესახებ, სისხლის სამართლით დასჯას ითვალისწინებს. ნაცვლად იმისა, რომ სოციალურ-ეკონომიკური ტვირთი გააუმჯობესონ ქვეყანაში, გაზარდონ დასაქმება და ხელფასები, არაფრის მომცემ კანონს ვიღებთ.

„კი, ბატონო, დაიჭირე ერთი, ორი, სამი ხელშემწყობი, მაგრამ რა უფლებით იჭერ? ეს ვერ იმუშავებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა კეთდება,” – აღნიშნავს სულაბერიძე.

მისი თქმით, შეცდომა იყო იმის გამოცხადებაც, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან ქვეყნის უსაფრთხოება მარტო პოლიტიკურ უსაფრთხოებას არ უნდა გულისხმობდეს.

„როგორ არის საქართველო სოციალურად უსაფრთხო ქვეყანა, როცა ამდენი ბავშვი კვდება და საერთოდ, ქვეყანაში სიღატაკის მაღალი დონეა?! ის, რომ ერთ წელიწადში 10 ათასი ადამიანი დარჩა უცხოეთში, ესეც მიანიშნებს, რომ ქვეყანა არ არის უსაფრთხო,” – ამბობს სულაბერიძე.

დემოგრაფი მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა არ შეიცვლება და სახელმწიფო ოჯახისკენ არ შემობრუნდა, უახლოეს 10 წელიწადში ქვეყანაში კიდევ უფრო რთული სიტუაცია გვექნება.

„ძალიან მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა. შემცირდა ქორწინებები, გაიზარდა განქორწინებები. არის დაბერების მაღალი დონე, 14-15%-ია დაბერების დონე ქვეყანაში. დაბერება სოციალურადაც ძაბავს სიტუაციას, იმიტომ, რომ მათ პენსიები სჭირდებათ.

„საერთო ჯამში ყველაფერი სისტემური კრიზისის შედეგია, რაშიც ვგულისხმობ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას, დევნილების მიმართ უყურადღებობას, ოჯახის მიმართ უყურადღებობას და თავისთავად, დასაქმების დაბალ დონეს, სიღატაკის მაღალ დონეზე ქვეყანაში. ეს სისტემური პრობლემები თუ არ მოგვარდა, მოსახლეობის შემცირება გაგრძელდება.

„ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. უახლოეს 10 წელიწადში დეპოპულაცია გაგრძელდება, მოკვდავობა ისევ გადააჭარბებს შობადობას. ასე რომ, თუ პოლიტიკა არ შეიცვლება და სახელმწიფო ოჯახისკენ არ შემობრუნდა, უახლოეს 10 წელიწადში ქვეყანაში კიდევ უფრო რთული სიტუაცია გვექნება” – დასძენს სულაბერიძე.

საგულისხმოა ისიც, რომ გაერო-ს მონაცემების თანახმადაც საქართველოს მსოფლიოს ქვეყნების იმ ათეულში მოხვდა, სადაც უახლოეს 80 წელიწადში მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდება. გაერო-ს ინფოგრაფიკით, საქართველოს მოსახლეობა 80 წლის შემდეგ 38,7%-ით, დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანით კიდევ შემცირდება და დაახლოებით 2,4 მილიონი იქნება, 38,7%-ით ნაკლები, ვიდრე არის დღეს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •