ნათანიელ ერიაშვილი

სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

„დღეს ერთ ჩვეულებრივ “მარშრუტკაში” ნამდვილი და დიდი ლიტერატურული ეპიზოდის მოწმე და მონაწილე გავხდი.

რომ ავედი, ამბავი უკვე დაწყებული იყო. მოხუცი კაცი ხვნეშით ჯდებოდა მძღოლის საპირისპირო რიგის მესამე სკამზე, აი, იმ რიგში, სკამები თითო-თითო რომ არის. გოგო იდგა სკამთან, ასე – 17-ოდე წლის. ალბათ ადგილი დაუთმო – მერე მივხვდი, როცა ამ წყვილის ტკბილი ურთიერთობის ხმები შემომესმა.

მოხუცი ცახცახა ხელით დიდხანს ეძებს ჯიბეში რაღაცას და თან გოგოს ეუბნება, რომ კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ბარაქალა მის მშობლებს. დიდი ხნის ფათურის შემდეგ ჯიბიდან იღებს ძალიან ლამაზ და ჭრელ საფულეს. ქალის საფულეს ჰგავს და მეცინება.

მე – ახლად ამოსული ვარ და იქვე ვდგავარ. მოხუცის სკამის ოდნავ უკან. ხელები ისე უცახცახებს და ისე მონდომებულია, მალე გახსნას საფულე, რომ ლამის ვუთხრა, მოგეხმარებით-მეთქი. მაგრამ არ ვეუბნები, რადგან ხსნის და ისეთ რამეს აკეთებს, ენა მუცელში მივარდება.

საფულედან იღებს ბეჭედს. ახლოს ვარ და ვხედავ, რა ლამაზი ბეჭედია – ბიჟუტერიაა, მაგრამ გემოვნებით გაკეთებული, პატარა და ბრჭყვიალა თვლები აქვს. კაცი გოგოს ეუბნება, აი, ეს ბეჭედი შენ გქონდეს და სულ დაიმახსოვრე, რომ ძალიან კარგი ბავშვი ხარ. მე ძველი აფთიაქარი ვარ, ებრაელი კაცი ვარ, „ჩაშკას“ მეძახიან. სახლში ჰკითხე უფროსებს, შეიძლება გაუგიათ.

– მე გამიგია თქვენი სახელი! – ისე ხმამაღლა ვამბობ, რომ „ჩაშკასკენ“ მიპყრობილ თვალებს ყველა ჩემკენ ატრიალებს, მე კი ვიცი, რომ ახლა ვეღარ გავჩერდები იმდენს ვილაპარაკებ,

– თქვენ წამლებს ყიდდით საბჭოთა პერიოდში, არა? როცა წამლები არ იშოვებოდა აქ. რამდენი მომაკვდავის პატრონი გაკითხავდათ სახლში, ეგეც ვიცი. ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც ჰყავხართ ნახსენები რომელიღაც მწერალს, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ, ბევრი ადამიანი რომ გადაგირჩენიათ მაშინ თქვენი წამლებით, ეგეც ვიცი… მამასისხლად ღირებული წამალი გაჭირვებულისთვის ისე რომ მიგიციათ, ეგაც გამიგია..

ჩაშკას თვალები არასროს აღარ დამავიწყდება. ძალიან სველი თვალები ჰქონდა: – „გაგიგია, არა, შვილო?“

ისე მომინდა, რაღაც კეთილი მეთქვა ამ ბებერი და ერთ დროს ძალიან საჭირო ებრაელისთვის, რომ ლამის მოვიგონე რამე ისტორია ჩემი ოჯახისა და ჩაშკას მონაწილეობით. მაგრამ მომერიდა ტყუილის თქმის.

ბოლოს რა თქვა, იცით, სანამ ჩავიდოდი?

– ბევრი სიკეთე გამიკეთებია თბილისში. მაგრამ ქართველებს უფრო მეტი აქვთ ჩემთვის დაბრუნებული. დიდი ხნით ვიყავი წასული აქედან, მაგრამ ჩამოვედი. აქ მინდა ვიყო ბოლომდე.”

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •