“სავარაუდოდ, მკვლე­ლი სახ­ლში მე­ო­რე დღეს დაბ­რუნ­და, ტე­ლე­ვი­ზორს ხმა ჩა­უ­წია, ოთა­ხი და­ა­ლა­გა” – დედა-შვილის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა

576

ნაზი ჯაფიაშვილი, რომელსაც მეზობლები მანანას ეძახდნენ, სოფელ ტახტისძირში ცხოვრობდა. სამი ქალიშვილიდან ერთი, 31 წლის მერი დედასთან ხშირად ჩადიოდა და რჩებოდა. 2017 წლის ივნისშიც ტახტისძირში იყო. ბოლოს მეზობლებმა დედაშვილი 11 ივნისს ნახეს. გვიანობამდე კარის მეზობელთან იყო, რომლებიც ასევე ოჯახის ნათესავები არიან.

დაახლოებით 23 საათისთვის მერი სახლში შევიდა. მეორე დღეს 12 ივნისს აღარ გამოჩენილან.

დედა-შვილი ნაზი ჯაფიაშვილი და მერი ჯალაბაძე

დედა-შვილი ნაზი ჯაფიაშვილი და მერი ჯალაბაძე

მეზობელი თინა კობერიძე იხსენებს, რომ 12 ივნისს ჯაფიაშვილების სახლის ფანჯრებიდან შუქი მთელი დღის განმავლობაში გამოდიოდა, მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებიათ.

12 ივნისს მათ სახლში არც მეზობლები შესულან. როცა დედა-შვილი აღარც 13 ივნისს გამოჩნდა, ორმა მეზობელმა სახლი შესვლა გადაწყვიტა.

შემთხვევის ადგილი

შემთხვევის ადგილი

თინა კობერიძე გვიყვება:

“მეზობელს ვკითხე, სტუმრები ხომ არ ჰყავთ სახლში თქო, მაგრამ ხმაური არ გამოდიოდა. დილითაც დავურეკე, მაგრამ ყურმილი არ აიღო. ამის შემდეგ სახლში შესვლა გადავწყვიტეთ. ჯერ გარედან ვუძახდით, სახლის კარიბჭე ჩაკეტილი იყო, ამიტომ მეზობლის ბიჭი გადავსვით ეზოში და შიგნიდან გაგვიღო. ეზო გავიარეთ და სახლთან მივედით, თან მათ სახელს ვყვიროდით. ვერავინ იფიქრებდა თუ აქ ასეთი რამ მოხდებოდა. სახლის შესასვლელში ორი ჩუსტი წაღმა-უკუღმა ეყარა და შუაში სისხლის წვეები იყო. ოთახის კარი ღია იყო და კარის ზღურბლზე მანანას პატარა ძაღლი იჯდა. ოთახში რომ შევიხედეთ, საშინელი სურათი დაგვხვდა. დედა იწვა იატაკზე მარცხენა მხარეს, თითქოს ხალათი თავზე წამოიფარაო, ფეხზე ჩუსტები არ ეცვა. მის გვერდით მარჯვენა მხარეს იწვა მერი, რომელსაც თავით ჰქონდა გატეხილი გაზქურის შუშა და ნამსხვევები ეყარა. სისხლის გუბეც იყო.”

მეზობლების ყვირილზე პოლიციის მისვლამდე სხვა თანასოფლელებმაც მოიყარეს თავი.

სახლიდან არაფერი იყო წაღებული. მეზობლები იხსენებენ, რომ  პატარა ოთახი, სადაც ორი ადამიანი მოკლული იპოვეს, განგებ დალაგებულს ჰგავდა.

სამართალდამცავების ცნობით, 66 წლის ნაზი ჯალაბაძისა და 31 წლის მერი ჯაფიაშვილს თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ ნასროლი. სხეულზე აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანების, ცემის კვალი. არცერთს არ აღენიშნებოდა სექსუალური ძალადობის ნიშნები.

წესრიგში იყო თაროები, გაზქურაზე ყავის მადუღარაც კი სწორად იდგა. ზაფხულში, როდესაც ყველას ღია აქვს ფანჯრები და სადაც მჭირდოდ დასახლებული სოფელია, მეზობლები ამბობენ რომ არც ქალების კივლის ხმა და არც სროლა არ გაუგიათ. ერთადერთი ქალი ამბობს, რომ ყრუ ხმა მოესმა, მაგრამ ტახტისძირი ოკუპირებული ტერიტორიის მომიჯნავე სოფელია და ყურადღება ამ ხმისთვის არ მიუქცევია.

მზია კოპალიანი:”ხმა გავიგე, მაგრამ, თითქოს, შორიდან მოდიდა და ყრუდ ისმოდა. რას წარმოვიდგენდი… მაშინ დავწექი და დავიძინე. ცამეტში აქ რომ შემოვედი ეზოში მახსოვს, ღობეზე იყო ფეხის კვალი. მიწაზე, ხრეშშიც იყო ნაფეხური. როგორც ჩანს, მკვლელი რკინის ღობიდან გადმოვიდა და შემდეგ ისევ აქედან გადახტა.”

 დადგინდა მკვლელობის თარიღი — 11 ივნისი. 

ღამის 11:30-დან 12 საათამდე მერი ჯაფიაშივლი, სავარაუდოდ, ფსალმუნებს კითხულობდა, რადგან მეორე სართულზე ლოცვების წიგნი დასაწყისშივე გადაშლილი იპოვნეს.

ვარაუდობენ, რომ მკვლელი ამ დროს შევიდა პირველ სართულზე, ხმაურზე კი შვილი მერი ჯაფიაშვილი ქვემოთ ჩავიდა. ერთმანეთს ემთხვევა ორივეს გარდაცვალიების დროც.

მეზობლებს კარგად ახსოვთ, რომ ოთახში, როცა ცხედრები აღმოაჩინეს, ტელევიზორი ჩართული იყო, მაგრამ ხმა ბოლომდე ჩაწეული ჰქონდა. წინა დღეს, 12 ივნისს კი, როგორც ახსოვთ,  ჯაფიაშვილების სახლიდან ტელევიზორის ხმა ჯერ საკმაოდ ხმამაღლა ისმოდა და შემდეგ გაჩუმდა. აქედან გამომდინარე, მეზობლები ვარაუდობენ რომ:

      *მკვლელი სახლში მეორე დღეს დაბრუნდა

      *ტელევიზორს ხმა ჩაუწია

      *ოთახი დაალაგა

      *კარი შეღებული დატოვა, რომ სუნი არ დარჩენილიყო.

13 ივნისს, ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე საათში, ჩხრეკა მეზობლის, ომარ ბაციკაძის, სახლში ჩატარდა. მის სახლში ერთი მასრა აღმოაჩინეს. ბალისტიკური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ მასრა იმავე იარაღიდან იყო გასროლილი, რითაც ორმაგი მკვლელობა მოხდა.

20 ივნისს სამართალდამცავებმა ძებნა ბაციკაძის სახლიდან მოშორებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში დაიწყეს. სადაც დამარხულ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, 3 მჭიდს და 85 ვაზნას მიაკვლიეს. ავტომატთან ერთად იპოვეს ქურთუკი, რის ჯიბეშიც ქაღალდის ნაგლეჯზე ტელეფონის ნომრები იყო. დაზარალებულების ადვოკატის ინფორმაციით, ტელეფონის ნომერი იმ ადამიანს ეკუთვნოდა, ვისთანაც ნაცნობობა სოფელში მხოლოდ ბაციკაძის მამას ჰქონდა.

ექსპერტიზით დადგინდა რომ სწორეთ ამ კალაშნიკოვიდან გასროლით მოკლეს დედა-შვილი. გამოძიების ინფორმაციით ბაციკაძის სახლში რამდენჯერმე ჩატარდა ჩხრეკა, განმეორებითი ჩხრეკის დროს სახლის პერიმეტრზე 7 ძველი მასრა აღმოაჩინეს.

ომარ ბაციკაძე იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გორის საქალაქო სასამართლომ ის გაამართლა, მოგვიანებით სააპელაციო სასამართლმ დამნაშავედ სცნო და წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაზარალებულების ადვოკატი რევაზ რევაზიშვილი ამბობს, რომ მისთვის მხოლოდ ამ მუხლით ბრალის წაყენება თავიდანვე პროკურატურის შეცდომა იყო:”პროკურატურას ბრალი უნდა წაეყენებინა არა შეძენა-შენახვსითვის, არამედ განზრახ მკვლელობისთვს. ამის საკმარისი საფუძველი არსებობდა მაშინაც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენ არ ვამტკიცებთ რომ ომარ ბაციკაძე დამნაშვაეა, თუმცა ბრალის წარსადგენად რომ საკამრისი მტკიცებულებები არსებობს, ამასზე ვსაუბრობთ.”

შემთხვევის ადგილზე არც ომარ ბაციკაძის გენეტიკური მასალაა აღმოჩენილი და არც თითის ანაბეჭდები. ასევე არ არსებობს მოწმე, რომელმაც ის იმ სახლში შესული ან გამოსული დაინახა. არც ნაპოვნ იარაღთან და მასრებთან მისი შემხებლობა დადასტურდა. ბაციკაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. მისი თქმით, სახლისგან მოშორებულ ნაკვეთში ნებისიერს შეეძლო იარაღის მიწაში დამალვა:

“არ არსებობს არანაირ მტკიცებულება, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა არსებული დანაშაული, პირიქით არსებობს მტიცებულებები, რაც ამას გამორიცხავს.”

ნაზო, იმავე მანანა ჯალაბაძეს სამი ქალიშვილის ჰყავდა. ორი გათხოვდა და სოფელში აღარ ცხოვორბენ. ოჯახიდან მარტო ჯილდა და ჯუნა დარჩნენ.

ჯუნას ქორწილი 2017 წლის 4 ივნისს იყო.

საქორწინო მოგზაურობისას შეიტყო რომ დედა და და დაუხოცეს.

მამა ბავშვობაში 90-იან წლებში ომის პერიოდში უგზო-უკლოდ დაკარგეს, ამიტომ სამივე დას დედა მარტო ზრდიდა.

ჯუნა ჯაფიაშვილი თავიდანვე დაინეტერესდა, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება. ის ახლაც ხშირად აკითხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას და კითხულობს, რატომ არ უყენებენ ბრალს იმ პირს, ვის ნაკვეთშიც იარაღი იპოვნეს. ან, თუ სხვა ვინმეა დამნაშავე, რატომ არ აქვს პასუხის გამოძიებას.

 “პოლიციაში მივდივართ — გვპასუხობენ, რომ ჩვენ გამოვიძიეთ, აგერ ადამიანი, ვისთანაც იარაღი აღმოჩნდა. პროკურატურაში გვპასუხობენ, რომ კიდევ სჭირდებათ მტკიცებულებები. მე არ მინდა უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. მე მიდნა გავიგო, ვინ და რატომ მოკლა ჩემი და და დედა.”– ამბობს ჯუნა.

ის ფიქრობს, რომ სამართლდამცავებმა საქმეაც არასათანადოდ გამოიძეს და შემთხვევის ადგილი კარგად არ დაათვალიერეს. მას ამის თქმის საფუძველს შემდეგი გარემოება აძლევს:

“ექსპერტიზაზე გადაყვანილი ცხედრების გამოკვლევის შემდეგ დაადგინეს რომ სამი ტყვია იყო ნასროლი. გვამებს, როგორც ჩანს, იატაკზე დაწოლილებს ზემოდან ქვემოთ ესროლეს, რადგან ტყვიები ბეტონის იატაკში იყო ჩაჭედილი. ორი ტყვია თავიდნავე აღმოაჩინეს, თუმცა მესამის მოსაძებნად შემდეგ (კვლავ) მივიდნენ.”

ჯუნა გვიყვება, რომ სამართალდამცველებმა ბევრი იწვალეს, ამოთხარეს ბეტონი, მაგრმა ტყვიის ფრაგმენტს ვერ მიაგნეს. მათი წასვლის შემდეგ მისმა ბიძაშვილმა მოიფიქრა და ამოთხრილი ბეტონი გაცრა და მესამე ტყვიის ფრაგმენტიც იპოვნა.

კიდევ ერთი გარემოება: ოთახში ტელევიზორის პულტზე და ტელეფონზე ორი დაუდგენელი პირის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა.

ძიება გრძელდება.

სოფლის მოსახლეობიდან დაახლოებით ოც მამაკაცს აუღეს დნმ-ის ნიმუში. ცხედრების აღმოჩენის დროს, პოლიციის მისვლამდე შემთხვევის ადგლიზე თითქმის მთელი სოფელი მივიდა და რაც არ გამორიცხავს, რომ შემთხვევის ადგილი დაბინძურდა.

ვინ და რატომ მოკლა დედა-შვილი? თანასოფლელები და ოჯახის წევრები მოტივზე მოხოლოდ ვერსიების და ვარაუდების დონეზე საუბრობენ.

ერთადერთი, რაზეც ჯუნა ეჭვობს ის არის, რომ ის მაშინ ახალი გათხოვილი იყო და შესაძლოა ვინმემ იფიქრა, რომ სოფელში მან ოქრო ან ფული საქორწინო მოგზაურობაში წასვლამდე დედას დაუტოვა, მაგრამ ის ამბობს, რომ დედას და დას  არც ფული ჰქოდნათ და არც ძვირფასეულობა. თუ მკვლელი დასაყაჩაღებლად მივიდა, თანხას ვერ მიიღებდა, ამიტომ, შეიძლება, მსხვერპლებს ფიზიკურად გაუსწორდა. დედამ და დამ შეიძლება ის იცნეს და ამიტომ მან ცოცხალი არც ერთი აღარ დატოვა.

გამოძების ზედამხედველ უწყებაში — პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინიტროში გამოძება  სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს. წერილობით გვიპასუხეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა მტკიცებულებებით  დასტურდება, რომ ეჭვმიტანილი მკვლელობის ღამეს სოფელ ტახტისძირში იმყოფებოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა, გამოკითხულია ასზე მეტი პირი.

ნაზო ჯალაბაძე წლების განმავლობაში ეკლესიაში მორჩილი იყო, სებისკვერებს აკეთებდა და მონაზვნად აღკვეცას აპირებდა.

დედა-შვილი იმ ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც საეკლესიო ცხოვრების გაგრძელებას აპირებდა.

ვერავინ იხსენებს, რომ ოჯახს მტერი ჰყოლოდა.

მერიმ თბილისში დაამთავრა სასწავლებელი და ახლა დროებით არ მუშობდა. ის ძირითადად დედასთან ერთად ტახტისძირში ცხოვორბდა.

2017 წელს სოფელ ტახტისძირში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ტახტისძირის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ თავს დაუცველად გრძნობენ და ითხოვენ რაც შეიძლება მალე გაირკვეს, ვინ და რატომ სცემა სასტიკად და საკონტროლო გასროლებით რატომ მოკლა დედა-შვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული განმარტება:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის 13 ივნისს, მერი ჯაფიაშვილისა და ნაზო ჯალაბაძის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული მკვლელობა 2 დღით ადრე, 11 ივნისს მოხდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ცნობილი მხოლოდ 13 ივნისს გახდა. სამართალდამცველების მიერ იმავე დღეს და განმეორებით, 14 ივნისს, შემთვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის 3 გასროლილი მასრა, 3 გასროლილი ტყვიის გულა და 1 ვაზნა. გამოძიებისთვის 13 ივნისსვე გახდა ცნობილი პირის ვინაობა, რომელმაც სავარაუდოდ აღნიშნული მკვლელობა ჩაიდინა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები და მასრა, ო.ბ.-ს კუთვნილ ტანსაცმელთან ერთად, ნივთმტკიცებად ამოიღო. მას შემდეგ, რაც ჩატარებულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილ ო.ბ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული და მკვლელობის ადგილზე ნანახი მასრები გასროლილი იყო ერთი და იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხელმეორედ ჩატარდა ჩხრეკა ო.ბ.-ს საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც პოლიციამ სხვა საბრძოლო მასალასთან და მტკიცებულებებთან ერთად, მიწის ნაკვეთში დამარხული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 85 ვაზნა ამოიღო. მისივე სახლის ჩხრეკისას, სპეციალური ხელსაწყოების დახმარებით, საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოღებულია იმავე ცეცხლსასროლი იარაღიდან, AK 74-დან გასროლილი 7 ცალი მასრა. 2017 წლის 26 ივნისს, ო.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს, 28 ივნისს კი ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა. აღნიშნული საქმე გამოიყო მიმდინარე ძირითადი (დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა) საქმიდან და სასამართლოს განსახილველად გადაეგზავნა. გორის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ. უდანაშაულოდ სცნო და გაათავისუფლა სასამართლო დარბაზიდან, რაც ბრალდების მხარემ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ო.ბ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დედა-შვილის მკვლელობის საქმეს, გამოძიება ამ დრომდე გრძელდება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის შესაბამისად. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სხვადასხვა მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ ეჭვმიტანილი მკვლელობის ღამეს სოფელ ტახტისძირში იმყოფებოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არა ერთი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება და ექსპერტიზა. გამოკითხულია 100-ზე მეტი პირი.