გქონიათ სახლში მშობლების, ან ბებია-ბაბუების მიერ, დიდი, ან პატარა ზღვიდან მოტანილი ნიჟარა, რომელსაც დიდი მოლოდინით იდებდით ყურზე, ზღვის ხმის გაგონების იმედით. მაინც, როგორი ხმა აქვს ზღვას, ან რატომ გვინდა ასე ხშირად გვესმოდეს მისი ღელვა?

ყველამ ვიცით, რომ ბუნებაში დროის გატარება კარგია, როგორც ფსიქიკურ და მენტალურ, ასევე, ფიზიკურ დონეზეც, თუმცა ნეიროფსიქოლოგები საუბრობენ ცალკეულად ზღვის/ოკეანის ნაპირზე ყოფნის სპეციფიკურ უპირატესობებზე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე, მით უფრო, შესამჩნევია განტვირთვის საჭიროება. სანაპიროზე ყოფნისას განცდილი სიმშვიდის შეუდარებელი გრძნობა, დღეისათვის, განიხილება როგორც „ლურჯი სივრცე“ და ამასთან, წყლის სურნელისა და ხმის კომბინაცია, რომლის ეფექტი ადამიანის ტვინზე საკმაოდ ვრცელი კვლევის საგანია, ერთი კი ცალსახაა – როგორც სამეცნიერო, ისე უამრავი ადამიანის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს არის ადგილი, რომელიც გვამშვიდებს. ზღვის ტალღები კი ნაპირთან ერთად რეცხავენ უსიამოვნო შეგრძნებებსა და განწყობებს ჩვენი ტვინიდან.

როდესაც ამჩნევთ, რამდენად განტვირთული ხართ სანაპიროზე, ეს არ არის ყველაფერი, რაც თქვენს თავში ხდება. ტვინის რეაქცია გარემოზე, შესაბამისად კი, ცვლილებები ადამიანის განწყობაში ზღვასავით ღრმაა. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს „ლურჯი სივრცე“ მოქმედებს ადამიანზე სხვადასხვა მიმართულებით:

სანაპიროზე სიარული ამცირებს სტრესს
წყალი არის ბუნების იარაღი ადამიანური სტრესორების წინააღმდეგ. ის სავსეა პოზიტიური იონებით, რომლებიც ცნობილია ტკივილის შემცირების თვისებითაც. როდესაც ჩადიხართ ზღვაში ცურვის, ან უბრალოდ, „ტანის გასველების“ მიზნით, დარწმუნებული ხართ, რომ მიიღებთ რელაქსაციას და ეს, მართლაც, ყოველ ჯერზე ასეა.

ზღვის სანაპირო ზრდის კრეატიულობას
გრძნობთ, რომ შემოქმედებითი კრიზისი გაქვთ და აღარ გჯერათ, რომ შეგიძლიათ ისევ იყოთ კრეატიული იდეების ავტორი? მეცნიერებს სჯერათ, რომ პრობლემის გადაჭრა სანაპიროშია. „ლურჯ სივრცეში“ ყოფნა წმენდს თქვენს გონებას, გამოთავისუფლებული ადგილები მეტ სივრცეს აჩენენ გაცილებით მნიშვნელოვანი „ტვირთის“ სამოძრაოდ. ეს გეხმარებათ სხვადასხვა საკითხის გადააზრებაში, სხვადასხვა პრობლემისა თუ პროექტის კრეატიულ გადაწყვეტაში.

ზღვის სანაპიროზე სიარულს შეუძლია დეპრესიულ გრძნობებთან გამკლავებაში დაგეხმაროთ
ტალღების ჰიპნოტური ხმა, კრეატიულობის ზრდასთან და სტრესთან გამკლავებასთან ერთად, თქვენს გონებაში არსებული დეპრესიული რელიეფის ცვლილებაშიც შეიძლება დაგეხმაროთ. ეს ერთგვარი მედიტაციური სივრცეა, ტალღების ხმით, სუნითა და „ლურჯი“ ვიზუალით. თქვენი ყოველდღიურობის ქაოსი სწორედ აქ ლაგდება, ამ სიმშვიდეში.

სანაპიროზე გატარებული დრო ცვლის სამყაროს აღქმას
ბუნებასთან კონტაქტის სიხშირე ყოველთვის განიხილებოდა როგორც ფაქტორი ჯანსაღი და ბედნიერი ცხოვრებისთვის. ზღვის ნაპირზე დროის გატარება კარგია თქვენი ფსიქიკისთვის, მენტალური პროცესებისთვის თუ გონებრივი შესაძლებლობებისთვის. ზღვა, როგორც ფიქრის პროვოცირების საშუალება არასდროს ჩერდება. ზამთარ-ზაფხულ, ის მზადაა თქვენთან სასაუბროდ. ამიტომ, გამონახეთ დრო მასთან მისასვლელად და თუ ამას, სამსახურებრივი თუ გეოგრაფიული ფაქტორებიდან გამომდინარე, საკმარისად ხშირად ვერ ახერხებთ, იპოვნეთ ნიჟარები და წამოიღეთ.

marketer.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •