რატომ დამალა გიორგი გახარიამ ამაღლების N12-ში მდებარე ბინა, სადაც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს?!

80

 “ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შს მინისტრი გიორგი გახარია, თბილისში, ამაღლების ქ.N12-ში ნამდვილად ცხოვრობს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის სკანდალური სიუჟეტის შემდეგ, რომლის მიხედვითაც, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა, “2020NEWS” დაინტერესდა, რატომ არ წერია გახარიას ქონებრივ დეკლარაციაში არაფერი, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ბინის შესახებ. მითუმეტეს, რომ პირველი სამართალდამცავი თვითონ უნდა აძლევდეს მოქალაქეებს კანონის დაცვის ნათელ მაგალითს.

დაავიწყდა თუ დამალა დეკლარაციის შევსების დროს ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყველაზე გავლენიანმა მინისტრმა მის მფლობელობაში მყოფი ძვირადღირებული ქონება? ამ კითხვის საპასუხოდ, სააგენტოს შსს-ში განუცხადეს: “თბილისში, ამაღლების ქ. N12-ში მდებარე უძრავი ქონება არის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მამის საკუთრება, რომელიც საცხოვრებლად გადაცემული აქვს საკუთარი შვილისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ დასახელებული ქონება არ წარმოადგენს მინისტრის პირად საკუთრებას, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი და “თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ“ ინსტრუქცია მსგავს შემთხვევაში არ ითვალისწინებს უძრავი ქონების დეკლარაციაში ასახვის ვალდებულებას. ამასთან, რამდენადაც გიორგი გახარიას მამა ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისთვის არ არის თანამდებობის პირთან მუდმივად მცხოვრები პირი, აღნიშნული ქონების, როგორც ოჯახის წევრის ქონების მითითების ვალდებულებაც არ არსებობს დასახელებული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქონება შეძენილია 2009 წელს ანუ რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია საჯარო მოხელე გახდებოდა”, – განუცხადეს “2020NEWS”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საგულისხმოა, რომ 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში ამაღლების ქ.N12-ში არსებული ბინა დაფიქსირებულია და მესაკუთრედ მითითებულია მამა – ზაურ გახარია. იმავე დეკლარაციაში, გახარიას ოჯახის წევრებად, მეუღლესთთან და ქალიშვილთან ერთად, ფიქსირდებიან მისი მშობლები – ზაურ გახარია და მზია ლეჟავა.

2015 წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარია ფლობდა 76.00 კვ.მ ფართობის ბინას რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, მოსკოვის ოლქის ქ. ოდინცივში. მისი მეუღლის, მარიკა ფანცულაიას სახელზე კი რეგისტრირებულია თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე 395.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი. ამავე წლის დეკლარაციის მიხედვით, გიორგი გახარიას მამა ზაურ გახარია თბილისში, ამაღლების ქუჩაზე ფლობს 130 კვ.მ ფართობის ბინას და 14 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს. ასევე 2 მიწის ნაკვეთს – სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ.მ). დედა – მზია ლეჟავა კი ნუცუბიძის ფერდობზე, მეორე მიკრორაიონის მეორე კვარტალში განთავსებული 80 კვ.მ. ფართობის ბინის მფლობელია.

2016 წლის დეკლარაციაში გახარიას ოჯახის წევრებს შორის მშობლები აღარ ფიგურირებენ. შესაბამისად, აღარსად წერია ინფორმაცია ამაღლების ქ. N12-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის შესახებ. სამაგიეროდ, კვლავ დაფიქსირებულია 2 მიწის ნაკვეთი – სიღნაღის რაიონის სოფელ ხორნაბუჯში (280 000.00 კვ.მ) და სოფელ წავკისში (1600 კვ.მ).

კიდევ უფრო საინტერესოა 2017 და 2018 წლის დეკლარაციები, საიდანაც გახარიას მშობლებიც გაქრნენ და წინა დეკლარაციაში მითითებული ბინები და მიწის ნაკვეთებიც. 2017 წლის დეკლარაციაში აღარ ფიგურირებს გიორგი გახარიას სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა მოსკოვში. ერთადერთი, რაც 2017 წლის დეკლარაციაშია დარჩენილი, არის გახარიას მეუღლის მარიკა ფანცულაიას სახელზე რეგისტრირებულ 395.00 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შეძენილია 2011 წელს და მდებარეობს თბილისში, მაზნიაშვილის ქუჩაზე. სხვა უძრავი ქონება მინისტრის დეკლარაცაშია ასახული აღარ არის. 2018 წლის დეკლარაციაში კი, რომელიც გახარიამ ბოლოს 2018 წლის 30 მაისს შეავსო, უძრავი ქონება საერთოდ აღარ არის მითითებული, მათ შორის არც მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება და ასახულია მხოლოდ მეუღლის სახელზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელიც 2016 წელს 22000 აშშ დოლარად შეიძინა. გიორგი გახარიას მითითებული არ აქვს, რა ბედი ეწია მისი და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მარიკა ფანცულაიამ საჯარო რეესტრში, 2018 წლის 3 იანვარს, 720 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. 2018 წლის დეკლარაციის შევსების მომენტში გიორგი გახარიას მეუღლეს – მარიკა ფანცულაიას “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 485 ლარი, ხოლო იმავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე 520 000 აშშ დოლარი. საანგარიშო პერიოდში გიორგი გახარიას “საქართველოს ბანკში” გახსნილი ჰქონდა 2 მიმდინარე ანგარიში, ერთზე ერიცხებოდა 934 ლარი, ხოლო მეორეზე 586 ლარი. იმავე საანგარიშო პერიოდშივე, ნაღდი ფულის სახით, მარიკა ფანცულაიას ჰქონდა 6000 ლარი, ფულადი თანხის წყაროდ მითითებულია დანაზოგი. გიორგი გახარიას კი ჰქონდა 12 000 ლარი და 5000 აშშ დოლარი. ორივე ფულადი თანხის წყაროდ ასევე მითითებულია დანაზოგი.

მაღალჩინოსნების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის საინეტერსოა, თუმცა, გახარიას შემთხვევაში, ეს უფრო საინტერესო იმ სკანდალური წერილის გამო გახდა, რომელიც მამუკა ხაზარაძემ მიიღო და რომელიც ამჟამად ექსპერტიზაზე ლონდონშია გადაგზავნილი.

 ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი “თიბისი ბანკის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა. ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მამუკა ხაზარაძისთან მისატანი წერილი გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს მათი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში გადასცა. გიორგი გახარია დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში ცხოვრობს – ამაღლების ქ. N12-ში, მეორე სადარბაზოში, ხოლო ბადრი ჯაფარიძე იმავე კორპუსის პირველ სადარბაზოში.

მოხდა თუ არა სკანდალური წერილის ამაღლების 12 ნომერში გადაცემა, ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არ არის. ამ ეტაპზე ფაქტი ფაქტატ რჩება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2018 წლის დეკლარაციაში აღნიშნული საცხოვრებელი ბინა არ მიუთითა.