დოლარი და გული აიწონაზე-თამარ კეშელავა

ლარის გაუფასურება პროდუქტების ფასზე არ იმოქმედებსო…
აბა, რაზე იმოქმედებს?
სიყვარულზე?
მეგობარი მყავს – დილის 5 საათზე დგება, 10-მდე ყუთებს ეზიდება მაღაზიებში, მერე მეორე სამსახურში მიდის, სადაც ორი სამსახური აქვს შეთავსებული და ღამის 11 საათამდე მუშაობს!
ქირით ცხოვრობს – ქირა მოუმატეს, ხელფასი არა 
კარტოფილი ორი ლარი ღირს, პური ლარი…
ცოლი რომ მოვიყვანო – შვილს ვერ ვარჩენო – გულწრფელად მითხრა!
სიყვარულზე და დემოგრაფიაზე ხომ მოქმედებს ლარის კურსი, თორემ ხამანწკებს არ ვითხოვთ!
რაზე მოქმედებს ლარის კურსი?
საკვებზე არაო!
ჯანმრთელობაზე?
რას შევჭამთ დღეში 4 ლარად? ხორცს ვერა, რძის ნაწარმს – ვერა, ხილს – ვერა, ბოსტნეულს – ვერა. რას იწვევს ასეთი კვება? – ბევრ დაავადებას.
როცა რაღაც გვაწუხებს ეგრევე მივდივართ ექიმთან? – არა!
ჩვენც მოგვატყუეს, ერთი კვირა გვიმტკიცებდნენ, რომ მამიდას დაზღვევა არ მოქმედებს ამ ანალიზებზე და 12 ლარიანი წამლის გადასხმაში 52 ლარს ვიხდიდით. ანალიზების და კონსულტაციების ფულს სხვა დროს დავთვლი!
ანუ, ჯანმრთელობაზე მოქმედებს ლარის კურსის ზრდა, სიყვარულზე და დემოგრაფიაზე!
კიდევ?
ემიგრანტების რიცხვის ზრდაზე?
ბიძაჩემს სარკომა აქვს, სამი ოპერაცია დასჭირდა – არ ფინანსდებაო მეორეზევე გვითხრეს, სარკომის ოპერაცია არ ფინანსდებაო!
სახლი მეწყერმა დაუნგრია – გათხოვილ შვილთან და სიძესთან იცხოვრეო – ვერ დაგეხმარებითო!
ახალგაზრდა კაცია, საფრანგეთში წავიდა, ერთ თვეში არამარტო ექიმით, წამლებით და ანალიზებით – საკვებითაც კი უზრუნველჰყვეს სრულად, უფასოდ!
ანუ, რაზე მოქმედებს ლარის კურსი და სახელმწიფო პოლიტიკა? – სიყვარულზე, დემოგრაფიაზე, ჯანმრთელობაზე, ემიგრანტების რიცხვზე!
სხვა ქვეყნებშიც უფასურდება ვალუტაო!
გადასახადები მოხსნა თურქეთმა, სამუშაო ადგილები შექმნა და გადამზადების პროგრამა.
ევროპამ ჯანდაცვის და სოციალური პაკეტები გაზარდა!
აბა, ხამანწკებს არც ჩვენ ვითხოვთ…
ეს თქვენ დაგდით ხამანწკის წვენი პიჯაკზე, ბატონო!

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •