სამი დღეა აქციაზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერა „საქართველო“ ისმის. ამასთან დაკავშირებით ირაკლი ჩარკვიანის ცოლი, ქეთათო პოპიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის აქციის ორგანიზატორებს ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებაში ადანაშაულებს.

„ირაკლის მუსიკა თავისი მაშტაბით იმდენად დიდია და დროსთან მიმართებაში მისი აქტუალურობა იმდენად მზარდი, რომ არაერთხელ ყოფილა მცდელობა მისი კომპოზიციის სხვადასხვა პოლით, თუ სამოქალაქო ჯგუფების მხრიდან საკუთარი პიარ მიზნებისთვის მიტაცება-გამოყენების. როდესაც ქვეყანაში ვითარება იძაბება და ალბათ დამეთანხმებით, რომ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, სადაც პოლიტ რყევების ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, ყველას უნდება ის, ყველაზე მართალი სიტყვა, რომელსაც ასეთივე უკომპრომისო ცხოვრების წესით გაჯერებული მელოდია და ძლიერი მეტაფორა უმაგრებს ზურგს. უნდათ საკუთარ ახლომხედველურ მიზნებს მოახმარონ, ფონს გავიდნენ, კაი ტიპებად იგრძნონ თავი. ამის იმდენი მაგალითის მომსწრე ვარ, რომ სათვალავიც ამერია – სხვადასხვა მარგინალი პარტიების წინასაარჩევნო მარათონების ბიძგის მიმცემ მუხტად გამოუყენებიათ, თქვენ წარმოიდგინეთ და ნაცისტური წარმონაქმნის ჰიმნიც ყოფილა თურმე, ყოფილი პრეზიდენტების დაბრუნების ერთადერთი იმედიც ,,მძინარე მზეთუნახავისთვის” ძილის დამფრთხობიც და რომელიღაც ჩინოვნიკისთვის თვალის ასახვევადაც გაჟღერებულა. 

ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს და გვინდა, რომ ცოტათი მაინც უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, ვიცოდეთ, რომ კონსტიტუცია არის უზენაესი, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული განურჩევლად სქესისა, კულტურული კუთვნილებისა და აღმსარებლობისა და რა თქმაუნდა მიუხედავად სექსუალური ორიენტაციის. გვინდა, რომ ყველანი დაცულად ვგრძნობდეთ თავს. ამაზე ხომ ვთანხმდებით?! 

როდესაც ოკუპაციას, უსამართლობას აპროტესტებ, შენ თვითონ სხვისი საკუთრების, ინტელექტუალური საკუთრების მაჯლაჯუნა მიმტაცებელად არ უნდა მოგვევლინო, რაღა თქმა უნდა თუ გინდა შენი გულანთებულობის ვინმეს ჯეროდეს და შენს ქმედებებში თანმიმდევრული იყო” – წერს ქეთათო.

ქეთათოს პოსტს იქვე ეხმაურება მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.

„პირველივე დღიდან იქ დგომისას (ჩართულიც კი არ იყო) ყურში და გულში მხოლოდ ირაკლის ხმა მესმოდა, რომელიც თავისუფლების ნამდვილი ჰიმნია. ბევრჯერ ვიკითხე კიდეც და დარწმუნებული ვიყავი თავად შესთავაზებდი ამ სიმღერის ჩართვას. მართლა მიკვირს ასეთ დროს ამას რომ წერ. ადამიანი, რომელიც თავად აპროტესტებ ამ ძალადობას და ოკუპაციას. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. რა თქმა უნდა, შენზე კარგად არც არავინ ვიცნობდით ირაკლის, მაგრამ მან შეძლო თავისი მუსიკით წლების მერეც მიეცა ხალხისთვის ძალა. საკუთარი პოზიციით და დამოკიდებულებით გაგვზარდა, შეიძლება ითქვას, და ამიტომ ყველას, როცა გვესმის მისი ხმა, დარწმუნებულები ვართ, ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქციაზე იდგებოდა. ვერ დავმალავდი ამ ემოციას და ზურგს უკან ვერ განვიხილავდი ამ გაკვირვებას. ამიტომ ამ საჯარო პოსტზე მეც საჯაროდ გწერ.“

ნანკამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ქეთათოს პრეტენზიაზე გაოცება ვერ დამალა.

ნანკა კალატოზიშვილი: – ირაკლის ხმით რომ გვესმის „სა-ქა-რთვე-ლო“, ყველას ცრემლები მოგვდის. მართლა ჰიმნია. ორი დღე არ ვიყავი აქციაზე და რომ მივედი და ირაკლის „საქართველო“ გავიგონე, ჩავთვალე, რომ ქეთათომ ჩაართვევინა. ვერც წარმოვიდგენდი, რომ თვითონ ქეთათო არ შესთავაზებდა ამ სიმღერის ჩართვას, არათუ ჩართვის შემთხვევაში, პრეტენზიას გამოთქვამდა. იქ სხვისი ნამღერი არავის სჭირდება, ირაკლის „დუხია“ მთავარი. „ჩვენ მოვიგებთ ომს“ მართლა ჰიმნია. თვითონ ირაკლი ხომ ამ იდეოლოგიის იყო, ილიკო სუხიშვილი და დათო ევგენიძე რომ ამ სულისკვეთებისანი არიან, ამიტომ გავიზარდეთ ჩვენ ასეთი ტიპები. ჩვენს სხვებს ვზრდით და ასე… ირაკლი ერთ-ერთი მეომარია წლების მერეც. მუხტს და ძალას აძლევს ადამიანებს. ასეთ დროს ქეთათო საავტორო უფლებებზე რომ ლაპარაკობს, ძალიან მიკვირს.
primetime.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •