პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გოგი ოთხმეზურის შვილის მკვლელობაში ბრალდებული, ასლან ბეჟანიძე, შეიწყალა. „ჰოთნიუსი“ დაუკავშირდა ასლან ბეჟანიძის ადვოკატს, ტარიელ კაკაბაძეს, რომლიც აცხადებს, რომ ბეჟანიძე ამ საქმეში უდანაშაულოა და მის მიმართ სამართლის აღდგენისთვის შეწყალებით ერთი ნაბიჯი გადაიდგა.

„ასლან ბეჟანიძე თავის დროზე გაამართლა პირველმა ინსტანციამ, მეორე ინსტანციაზეც სამივე მოსამართლემ გაამართლა. უზენაეს სასამართლოში, სხდომის თავმჯდომარემ ასევე, გამამართლებელს დაუჭირა მხარი. ნინო გვენეტაძემ შეასრულა პროკურატურის დაკვეთა, ეს იყო ცოტა ხნით ადრე, სანამ წამოვიდოდა უზენაესი სასამართლოდან და გამოიტანა ძალიან სამარცხვინო და დაუსაბუთებელი განაჩენი ადამიანის მიმართ, რომელის უდანაშაულობა ნათლად დადასტურდა სასამართლოში. მოწმეები, რომლებსაც პროკურატურა იყენებდა ბეჟანიძის წინააღმდეგ, იყვნენ მრავალჯერ ნასამართლევნი, მათ შორის, რამდენჯერმე მკვლელობისთის.

მკვლელობა მოხდა 2004 წელს, მოწმეები მოძებნეს 2016 წელს და თითქოს 12 წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ იყვნენ თვითმხილველები. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდი და ტყუილია. ეს მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან – ერთი ამბობს, რო მკვლელი 3 წუთი დარჩა კონკრეტულ ადგილას, მეორე ამბობს, რომ მკვლელი გაიქცა პეკინზე, მესამე ამბობს, რომ პეკინიდან მიცკევიჩზე გამოიქცაო. აბსოლუტურად უერთიერთსაწინააღმდეგო, არადამაჯერებლი ჩვენებებია. პროკურატურის მთავარი მოწმე ორჯერ შეუარცხადად იქნა ცნობილი და წარმოიდგინეთ, მისი ჩვენება ნინო გვენეტაძემ გაიზიარა. სილაგაძეც ძალიან ცუდად მოიქცა და მანაც გარკვეულწილად პროკურატურის დაკვეთა შეასრულა, ნინო გვენეტაძეს აჰყვა უკანონობასა და უმსგავსობაში და მიიღო სამარცხვინო, უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი. უამრავი გარემოება, რაც ადასტურებდა, რომ ასლან ბეჟანიძეს არ მოუკლავს ეს ადამიანი, საერთოდ დააიგნორა ნინო გვენეტაძემ. პირევლი და მეორე ისნტანციის მსჯელობები საერთოდ არ გაიზიარა. ამ ფონზე ვფიქრობ, რომ უდიდიესი უსამართლობა იყო ასლან ბეჟანიძის ციხეში ყოფნა და ნაწილობრივ მაინც სამართლისკენ გადაიდგა ერთი ნაბიჯი, თუმცა სამართლის აღდგენა მაშინ მოხდება, როცა მის მიმართ დადგება სრული გამამართლებელი განაჩენი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ ამას,“ – ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე და დასძენს, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ  ასლან ბეჟანიძეს 8-დან 12-წალმდე ასაკის ბავშვის განვითარება აქვს:

„ის მოწმეები, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში, ამბობენ, რომ ვიცნობდით და არაფერი მსგავსი არ აქვსო. წარმოიდგინეთ, მათი ჩვენება ექსპერტიზის დასკვნასაც კი ეწინააღმდეგება. ნინო გვენეტაძემ და პაატა სილაგაძემ მტკიცებულებები დააიგნორეს, არ იმსჯელეს საფუძვლიანად და მიიღეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურის დაკვეთა იქნა შესრულებული.“ 

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •