დოქტორ ფაუსტის შესახებ. დოქტორი ფაუსტი ყველასთვის ცნობილი პერსონაჟია იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ნაწარმოებიდან “ფაუსტი”,მაგრამ ბევრმა არ იცის ლეგენდა, რომელიც ამ შედევრის შექმნას დაედო საფუძვლად.

1591 წელს სატანასთან შეკრული დოქტორი პრაღას ეწვია და მაშინდელი საქონლის ბაზრის კუთხეში მდებარე სახლში დაბინავდა. ეს იყო ქალაქის კარიბჭესთან ახლოს, ქალაქის ცენტრიდან შედარებით შორს. ის დასახლდა ახალ სამსართულიან ქვითნაშენ სახლში, რენესანსის სტილში აგებულ სასახლეში. ფაუსტი ხელმოკლე არ ყოფილა და ასეთი სახლის შეძენა თავისუფლად შეძლო. მიუხედავად სიმდიდრისა, მისი სახლი თითქმის სულ ჩაბნელებული იყო, ხოლო თავად იდუმალებით მოცული მეცნიერი ქალაქის ქუჩებშიც იშვიათად ჩნდებოდა. იგი დროს, ძირითადად, ასტროლოგიის შესწავლას უთმობდა და განზრახული ჰქონდა პლანეტების მოძრაობის საიდუმლო ამოეხსნა.
ერთ-ერთი მედიტაციის დროს ფაუსტმა უცებ იგრძნო, რომ მთელი სამყაროს საიდუმლო გაცხადდა, იგრძნო სამყაროს შექმნის ფარული ჰარმონია და აღტაცებულმა შესძახა: ”შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ!” იმავდროულად, აღფრთოვანებული ცოდვილის თავზე ჭერი გაიხსნა და თავს დაატყდა ველური ქარიშხალი, რომელმაც ფაუსტი პირდაპირ ჯოჯოხეთში გადაისროლა, ოდესღაც მეფისტოფელთან დადებული შეთანხმების აღსასრულებლად.

მას შემდეგ ფაუსტის მიტოვებული სახლის სიმყუდროვე არავის დაურღვევია, ერთი ღარიბი სტუდენტის გარდა. ისიც, მეცხრამეტე საუკუნის ლეგენდის თანახმად, ფაუსტის წყევლამ შეიწირა და ჭერში გაჩენილი ხვრელით საიქიოს გაისტუმრა.

ფაუსტის სახლი ახლაც დგას პრაღაში, კარლოსის მოედნის კუთხეში. ახლა მის ჭერში ხვრელი აღარ ჩანს. მკვლევარების ერთი ნაწილი ლეგენდას ფაუსტის შესახებ ამ სახლის მფლობელს მიაწერს, რომელიც სახლში ათასგვარ უცნაურ ქიმიურ ცდას ატარებდა. მეორენი კი ფაუსტის პროტოტიპად მიიჩნევენ ინგლისელ ავანტიურისტ ასტროლოგს, რომელიც კარლოსის მოედნის კუთხეში მდგარ სახლში მართლაც ცხოვრობდა 1591 წელს.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •