გაარკვიეთ მოგეწოდებათ თუ არა კუთვნილი ინტერნეტ სიჩქარე (ინსტრუქცია)

200
ინტერნეტი

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი აამუშავა. ვისაც უჭირს ფილმების ყურება და გადმოწერა, ონლაინ თამაში და უკმაყოფილოა ინტერნეტის ხარისხით, ვებგვერდი www.sheamotsme.ge სწორედ მათთვისაა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

კომისიის განცხადებით, ამ ვებგვერდით დღეიდან ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, გაზომოს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს. ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მექანიზმი, როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალებას აძლევს 24-საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს.

“დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს”, – ამბობენ კომუნიკაციების კომისიაში.

იმისთვის, რომ ინტერნეტის ხარისხი შეამოწმოთ, აუცილებელია:

  • შეხვიდეთ ვებ-გვერდზე www.sheamotsme.ge;
  • შემოწმების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ ინსტრუქციას;
  • მოწყობილობა, რომლითაც ხარისხს ზომავთ, ინტერნეტის ქსელში შეაერთოთ სადენის (კაბელის) და არა, Wifi-ის საშუალებით;
  • შემოწმების დაწყებისა და მიმდინარეობის პროცესში, ოპერაციულ სისტემაში არც ერთი სხვა აპლიკაცია არ გახსნათ;
  • მითითებულ ველში აუცილებლად შეიყვანოთ თქვენი და თქვენი ინტერნეტ პროვაიდერის ზუსტი მონაცემები;
  • გაზომვის დროს ხარვეზის დაფიქსირების შემთხვევაში, სისტემა მოგცემთ საშუალებას ავტომატურ რეჟიმში შეავსოთ საჩივრის ფორმა და გამოაგზავნოთ კომუნიკაციების კომისიაში;
  • იმისთვის, რომ თქვენი საჩივარი არ დახარვეზდეს, აუცილებელია მაქსიმალური სიზუსტით დაიცვათ ინსტრუქცია;
  • წესების დაცვა ზუსტი მონაცემების მისაღებადაა აუცილებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი საჩივარი გაუქმდება.

კომუნიკაციების კომისიის ცნობთ, ინტერნეტმომსახურების მიწოდების სათანადო ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ, რომელიც აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებების დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებდა.

შემოწმების საიმედოობისა და სიზუსტის მიზნით, კომისია ამერიკულ კომპანია „ვიზუალვეართან“ (Visualware) თანამშრომლობს. ინტერნეტმომსახურეობის ხარისხი იზომება სწორედ მათი აპარატურით, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავზომოთ ფიქსირებული ინტერნეტის ხუთი პარამეტრი: ჩამოტვირთვის სიჩქარე, ატვირთვის სიჩქარე, დაკარგული პაკეტები, ჯიტერი და დაყოვნება.