ზაზა სარალიძე

ჟურნალისტი თამო კეშელავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

სარალიძეს ჯერ თანაუგრძნეს, მერე აფურთხეს და ლანძღეს, მერე სახელწიფოს გადატრიალების მცდელობა დააბრალეს, მერე დაიჭირეს, 5 წლით უნდა ჩავსვათო, მერე გამოუშვეს, კარვების გაშლის უფლება არა აქვსო, რამდენჯერმე წაართვეს კარავი, რამდენჯერმე წაართვეს საწვიმარი წვიმაში და ქარში – მერე იმ კარვებში, რომლის დადგმის უფლება არ ჰქონდა, ელექტროენერგია შეუყვანეს..
ყველამ სარალიძესთვის მოიცალა, არ დაუკლია ენის ტლიკინი არც კაც პოლიტიკოსს, არც ქალს – არც ტყუილი დაუკლიათ – ჯერ გამოძიებულიაო, მერე არ არისო, ჯერ დნმ-ვიპოვნეთ დანაზე მკვლელისო, მერე ვერ ვიპოვნეთო, სასამართლო იქნებაო დაელოდეთო, დაველოდეთ და რა ქნას სასამართლომ, თუ შსს-მ და პროკურატურამ ვერ გახსნა საქმე…
მერე ასე ნალანძღი და ნათათხი, საპატიოდ მიიწვიეს პარლამენტში შს მინისტრის გამოსვლის მოსასმენად და მინისტრს პასუხები არ ჰქონია, თავის ქანთარიასაც ვერ უპასუხა მინისტრმა – რისთვის დაიბარეს სარალიძე, პასუხები თუ არ ჰქონდათ?
სუბელიანი – ჯერ წმინდანიაო, მერე დამნაშავეო, მერე ჭორიკანაო, მერე მსხვერპლიო – დანაშაულის შეუტყობინებლის ბრალდებით ვინ ზის ერთი წელიო…
სისხლიანი ტანისამოსის გადაყრა როდის მერე გახდა დანაშაულის შეუტყობინებლობა?

დაგენაცვლეთ, ჭიჭინაძემ ყველაზე ადრე ნახა ბესელიას ვიდეო და ვიღაც 16 ადამიანი ჩასვით – ხუთიდან რვა წლამდე ემუქრებათო და ალაოდ ხომ არა ხართ?

საჯაროდ გამოტანილი ვიდეოს ნახვა დანაშაულია და სისხლიანი ტანისამოსის გადაყრა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა – არა?
გენაცვალეთ, მიყვარხართ კანონის ასე მოქნილად გამაუპატიურებლები!

ხოდა, ახლა მთავარმა პროკურორმა, ჯერ ხორავას საქმეს გავეცნობი და მერე შევხვდები მამასო…
რა გეჩქარება, მთავარი პროკურორი, სად გცალია, დიპლომი გაქვს ჯერ მოსაძებნი…
გავიდა სამი კვირა დაპირებული, მივიდა წელიწადი ქუჩაში საცოდავად ნაგდები, ფეხქვეშ გაფენილი, უძვლო ენით ათასჯერ დაკოდილი სარალიძე, ხან რომ პასუხები არა აქვთ და ხან პარლამენტში იბარებენ პასუხების გამო და უპასუხოდ მოდის – იმ პასუხების მოსასმენად და ძაღლივით გამოაგდეს, დასისხლიანებული გამოაგდეს…

რატომ არ ჰქონდა იქ დგომის უფლება, ვის უშლიდა ხელს?

ძალიან გინდათ, ვიცი, მოკვდეს, ძალიან გინდეთ მოკვდეს და ვეღარ დაინახოთ, მაგრამ ერთი ჯიუტი გლეხი კაცია – არ კვდება უპასუხოდ, არ კვდება სამართლის მიღებამდე – არა!

ვზივარ და ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა სარალიძეს სდომნოდა სახელმწიფო გადატრიალება, თუ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი ასე მოშლილია, თუ საზოგადოებრივი აზრი ასე დაკნინებულია, როგორ უნდა გადაატრიალო ის, რაც არ გაქვს?

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •