მსახიობები

ჰოლივუდი ყოველთვის იყო მილიონობით ადამიანის ყველაზე დიდი ოცნების ახდენის მთავარი დანიშნულების ადგილი. 

სწორედ ჰოლივუდმა აჩუქა სამყაროს ყველაზე დიდი ვარსკვალვები. თუმცა, იმ სიბრჭყვიალიას მიღმა, რომელიც ამ ინდუსტრიას აქვს, არსებობს ისეთი ისტორიებიც, რომელიც დღემდე ამოუხსნელ საიდუმლოებებად რჩება. 

ამ იდუმალ ამბებს შორის კი არსებობს ისეთებიც, რომლებზეც მთელი მსოფლიო დღემდე საუბრობს. გადავწყვიტეთ დღს ჰოლივუდის იდუმალებით მოცული გარდაცვალების ისტორიებიდან ხუთი მოგვეყოლა. 

მერილინ მონროს თვითმკვლელობა

50-იანი წლების ლეგენდარულმა მსახიობმა ოფიციალური ვერსიით სიცოცხლე 1962 წლის 5 აგვისტოს, კარიერის ზენიტში მყოფმა თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, მიუხედავად ამ ვერსიისა დღემდე არსებობს მოსაზრებები, რომ მის სიკვდილში საიდუმლო სამსახურების ხელი ურევია. მონროს სიკვდილში ხშირად ადანაშაულებენ კენედების ოჯახსაც, ზოგიერთი კი თვლის, რომ მონროს სიკვდილში იმდროინდელი ჰოლივუდური მაფია იყო გარეული. 

ვირჯინია რეპპის ტრაგიკული ღამე

მუნჯი კინოს დამწყები მსახიობი, ვირჯინია რეპპი სულ რაღაც 26 წლის იყო, როდესაც უეცრად მუცლის ტკივილი დაეწყო, მოგვიანებით კი გარდაიცვალა. რეპპის სიკვდილმა ჰოლივუდში დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მაშინდელი პრესა წერდა, რომ მსახიობზე რამდენიმე დღით ადრე გამართულ წვეულებაზე იძალადეს, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. კიდევ უფრო სკანდალური იყო იმ ადამიანის ვინაობა, ვისაც ვირჯინიაზე ძალადობაში ადანაშაულებდნენ, ის არც მეტი, არც ნაკლები მუნჯი კინოს ვარსკვლავი როსკო არბუკლე იყო. საბოლოოდ, ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ მსახიობს ბრალი არ დაუმტკიცდა, თუმცა მისი კარიერა სამუდამოდ დასამარდა. რაც შეეხება ვირჯინიას, მისი გარდაცვალება დღემდე საიდუმლოებითაა მოცული. 

ელიზაბეტ შორთის, იგივე შავი გეორგინას მკვლელობა

23 წლის ელიზაბეტ შორთის მკვლელობა ჰოლივუდში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გასაიდუმლოებული შემთხვევაა. მისი ცხედარი 1947 წლის 15 იანვარს იპოვეს. მისი სხეული შუაზე იყო გადაჭრილი და ამოჭრილი ჰქონდა სასქესო ორგანოები. პირი კი ერთი ყურიდან მეორემდე ჰქონდა ჩაჭრილი. შორთის მკვლელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 60-მდე ეჭვმიტანილი, თუმცა საბოლოოდ, მკვლელობა არც ერთ მათგანს არ დაუმტკიცდა. ელიზაბეთ შორტის მკვლელობა აშშ-ის ტერიტორიაზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე საზარელი და გამოუცნობი დანაშაული.

ჯინ სპანგლერის გაუჩინარება

26 წლის მსახიობი 1949 წლის 7 ოქტომბერს მოულოდნელად გაუჩინარდა. როგორც მისი ოჯახის წევრები მოგვიანებით ყვებოდნენ, ჯინმა მათ უთხრა, რომ  ყოფილ მეუღლესთან შესახვედრად, შემდეგ კი გადაღებაზე მიდიოდა. რამედნიმე საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ მხოლოდ მის საფულეს მიაკვლია. საფულეში აღმოჩენილ თეთრ ფურცელზე კი ამ დრომდე დაუდგენელი პირის ვინმე ექიმი სკოტის სახელი ეწერა. 

ნატალია ვუდი საბედისწერო გასვლა ზღვაში

ნატალი ვუდი 1981 წელს, იახტით სეირნობდა როდესაც წყალში გადავარდა და დაიხრჩო. 38 წლის წინ ამ ამბავს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიენიჭა. იახტაზე ნატალი ვუდთან ერთად მისი ქმარი რობერტ ვაგნერი, მათი მეგობარი კრისტოფერ უოლკენი და იახტის კაპიტანი დენის დევერნი იმყოფებოდნენ. 2009 წელს, იახტის კაპიტანმა დენის დევერნმა მოვლენების საკუთარი ვერსიის შესახებ დაწერა წიგნი, სადაც ის აღიარებდა, რომ 1981 წლის გამოძიების დროს, ადვოკატების ზეწოლით, რობერტ ვაგნერის ვერსიას დაეთანხმა და ნატალი ვუდის დაღუპვის ღამის ზოგიერთი გარემოება დამალა. დევერნის თქმით, მსახიობის გაქრობამდე ვუდმა და ვაგნერმა იჩხუბეს, ხოლო დაკარგვის შემდეგ ქმარი ცოლის მოძებნას არ ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის გვამის გაკვეთის დროს მასზე სისხლჩაქცევებიც იპოვეს. 

წყარო: tormeti.com

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •