პოეზიის მეფედ აღიარებული გალაკტიონი 20 წლის იყო, როდესაც თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ქალი გაიცნო. მათი შეხვედრა 1912 წელს შემთხვევით მოხდა — ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩაზე მიმავალმა გალაკტიონმა და მისმა ნათესავმა ტიციან ტაბიძემ ქუჩაში მარტო მომავალი გოგონა შენიშნეს. ეს იყო ძველი ბოლშევიკების მიხეილ და ვასილ ოკუჯავების და, სოციალისტური ხელისუფლებისთვის მებრძოლი ოლია ოკუჯავა. იგი გალაკტიონზე უფროსი იყო, ლამაზიც არ ეთქმოდა, მაგრამ მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ (ამავე 1912 წელს, ოლიასთან შეხვედრამდე, გალაკტიონი მერი შერვაშიძეს ეტრფოდა, ლექსებსაც უძღვნიდა, თუმცა მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ).

გალაკტიონი პირველად ოლიას აკითხებდა თავის ლექსებს, ის იყო მისი პოეზიის პირველი კრიტიკოსი. ოლია კი აღმერთებდა გალაკტიონის პოეზიას, როგორც თავად გალაკტიონს. თუმცა ოლიას მამა სტეფანე ოკუჯავა ამ სიყვარულის წინააღმდეგი იყო, ფიქრობდა, პოეტი ოჯახის მოვლას ვერ შეძლებდა და როგორც კი ოლიამ წმინდა ნინოს სასწავლებელი დაამთავრა, ჭიათურის სკოლაში გადაიყვანა მასწავლებლად. გალაკტიონი ჩუმად ჩადიოდა იქ და ნახულობდა ოლიას. საბოლოოდ სტეფანე დათანხმდა მათ ქორწინებას. გალაქტიონმა და ოლიამ ჯვარი 1916 წელს დაიწერეს.

ახალდაქორწინებულები მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც გალაკტიონს სწავლის გაგრძელება სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ქუთაისში დაბრუნდა. ოლიამ კი სამსახური მალე დაიწყო და უმაღლეს პოლიტიკურ კურსებზეც ჩაირიცხა. მათ შორის დაიწყო მიმოწერა…
1920-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწყო. თავდაპირველად, დააპატიმრეს ოლიას ძმა მიხეილ ოკუჯავა, 1929 წელს კი ოლიას დროც დადგა და ის უზბეკეთში გადაასახლეს. 1937 წელს ის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და ისევ გადაასახლეს, ხოლო 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლების მიერ „ხალხის მტრად“ შერაცხული ოლღა ოკუჯავა მედვედევოს ტყეში დახვრიტეს. ყოველივე ამან მორალურად გატეხა გალაკტიონი, მას დეპრესია დაეწყო, საუბრობდა თვითმკვლელობაზე… (გალაკტიონმა ოლიას მიუძღვნა ლექსი „უკანასკნელი მატარებელი“ და „მზეო თიბათვისა“).

შემდეგ გალაკტიონი ოლგა დარიუსთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ქორწინებაში არ იყვნენ, გალაკტიონი ოლგას ცოლს უწოდებდა. შემდეგ ის გენერალ ებანოიძის ქვრივზე ნინო კვინიკაძეზე დაქორწინდა, ვისთანაც თავისი ცხოვრების ბოლო 17 წელიწადი გაატარა. ნინოს პირველი მეუღლისგან ორი შვილი — ნუნუ და დავითი ჰყავდა. გალაკტიონს ძალიან უყვარდა თავისი გერები, მათაც გალაკტიონი უყვარდათ.

1959 წლის 17 მარტის საღამოს გალაკტიონმა სისრულეში მოიყვანა თვითმკვლელობის დიდი ხნის განზრახვა…

წერილი: „სიყვარული, სიყვარული…“, თბილისი, 1992

Ოლღას მიერ გალაქტიონისთვის მუწერილი წერილი :

… ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები – ეს დემონი ჩემი სულისა!

ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს…

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!
შენი ოლია
მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!

1941 წლის 1 მარტი.

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •