ირმის ნახტომში არამიწიერი ცივილიზაციების შესაძლო რაოდენობის ზუსტმა გამოთვლებმა აჩვენეს, რომ გალაქტიკაში 36-მდე არამიწიერი ცივილიზაცია შეიძლება არსებობდეს. მეცნიერების გათვლებში სამყაროს ქიმიური ევოლუციის ხასიათი და სიცოცხლის უფრო რთული ფორმების განვითარების ტიპური სიჩქარე იყო გათვალისწინებული. მეცნიერების ნამუშევარი ჟურნალ Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

„ჩვენი იდეა ის იყო, რომ კოსმოსურ მასშტაბებში ევოლუციის თეორიების პრინციპები გამოგვეყენებინა. ჩვენი გათვლების შედეგებს „კოპერნიკის ასტრობიოლოგიური ზღვარი“ ვუწოდეთ. აღნიშნულის შესაბამისად, ჩვენს გალაქტიკაში სულ მცირე რამდენიმე ათეული ცივილიზაცია უნდა არსებობდეს, თუ თითოეული მათგანის განვითარებას დაახლოებით ხუთი მილიარდი წელი სჭირდება“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა, კრისტოფერ კონსელისმა.

50 წლის წინ ამერიკელმა ასტრონომმა, ფრენკ დრეიკმა განტოლება მოიგონა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს გალაქტიკაში არამიწიერი ცივილიზაციების რაოდენობის გამოთვლაა შესაძლებელი, ასევე შეიძლება მათთან კონტაქტის შანსების შეფასება. დრეიკის გამოთვლებმა აჩვენა, რომ არამიწიერი ცივილიზაციის რაოდენობა დიდია და კაცობრიობა მათ აუცილებლად შეხვდება.

თუმცა, იმ ფაქტმა, რომ ამგვარი კონტაქტი არ შემდგარა, იმ დროის ბევრი მეცნიერი, მათ შორის ცნობილი ფიზიკოსი, ენრიკო ფერმი აიძულა, ეჭვი შეეტანა დრეიკის დაშვებებში. შედეგად, გაჩნდა ე.წ. ფერმის პარადოქსი: თუ უცხოპლანეტელები არსებობენ, მაშინ კაცობრიობამ რატომ ვერ აღმოაჩინა მათი არსებობის კვალი?

ამჟამად ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. წარსულში მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ არამიწიერი ცივილიზაციების არარსებობა შეიძლება აიხსნას გონიერი სიცოცხლის ფორმირებისთვის საჭირო უნიკალური პირობებით, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა. ახლა აღნიშნული ჰიპოტეზა მეცნიერებს ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნიათ დედამიწის მსგავსი უამრავი პლანეტის აღმოჩენის შემდეგ.

კრისტოფერ კონსელისი და მისი კოლეგები ფერმის პარადოქსის გადაჭრას შეეცადნენ და მას ქიმიური და ბიოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით მიუდგნენ. მეცნიერების აზრით, არამიწიერი ცივილიზაციების აშკარა არარსებობა შეიძლება იმით აიხსნას, რომ მათი ფორმირების მთავარი შემზღუდავი ფაქტორი ცალკე პლანეტებზე არა კონკრეტული პირობები, არამედ სამყაროს ქიმიური ევოლუციის საერთო დონე და სიცოცხლის განვითარების სიჩქარე შეიძლება იყოს.

საქმე ის არის, რომ თავიდან სამყარო სამი ელემენტისგან შედგებოდა: წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმის მცირე რაოდენობა. ჟანგბადის, ნახშირბადის, აზოტისა და სხვა ელემენტების დაგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი ვარსკვლავები აინთო და ამოიწვა. ანუ, გალაქტიკის განვითარების ადრეულ ეტაპებზე პლანეტების ფორმირებისთვის საჭირო მასალა არ არსებობდა.

ამ იდეის ირგვლივ მეცნიერებმა ირმის ნახტომის ფარგლებში არამიწიერი ცივილიზაციების წარმოშობის სხვადასხვა სცენარი გამოთვალეს დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციის შესახებ ცოდნის გათვალისწინებით. შედეგად, კონსელისმა და მისმა კოლეგებმა გამოთვალეს, რომ ირმის ნახტომში 475-დან 928-მდე ცივილიზაცია შეიძლება ყოფილიყო, თუმცა, ახლა, როგორც მეცნიერები მიიჩნევენ, მათი რაოდენობა 36-ს არ აღემატება. უახლოესი ცივილიზაციები დედამიწიდან რამდენიმე ათასი სინათლის წელიწადში შეიძლება იმყოფებოდნენ.

თუ ეს ასეა, მაშინ ეს იმის კარგი ახსნა-განმარტებაა, თუ რატომ ვერ დაუკავშირდა კაცობრიობა მათ. ერთი მხრივ, ჩვენი სადამკვირვებლო მოწყობილობები ასეთ მანძილზე სიგნალებს ვერ დაიჭერენ, ხოლო თავად არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლებს ეჭვიც არ გაუჩნდებათ ჩვენი არსებობის შესახებ.

Წყარო:imedinews.ge

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •