გაიცანით პირველი ქართველი ბეისბოლისტი, რომელიც ამერიკის ლიგაში მიიწვიეს

95

24 წლის გიორგი ჯალაბაძე პირველი ქართველი ბეისბოლისტია, რომელიც ამერიკული ბეისბოლის ლიგამ შეერთებულ შტატებში სინჯებზე მიიწვია. გიორგი ჯალაბაძე 1 თვის განმავლობაში მაღალი დონის სკაუტების თვალწინ ვარჯიშობდა და საბოლოოდ მათი სიმპათიაც დაიმსახურა. „South florida winter league“-ში მსოფლიოს არაერთი ქვეყნის 50-ზე მეტი ბეისბოლისტი იღებდა მონაწილეობას, სკაუტებმა კი მათგან მხოლოდ 4 მოთამაშე გამოარჩიეს, მათ რიგებში კი საქართველოს ნაკრების ბეისბოლისტიც მოხვდა. „პრაიმტაიმი“ გიორგი ჯალაბაძეს ფლო რიდაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

–         გიორგი, თავდაპირველად თქვენი აშშ-ში ყოფნის მიზეზი გვითხარი.

–         ფლო რიდის სკუტინგის ლიგიდან როგორც საქართველოს ნაკრების ერთი-ერთი მოთამაშე, ისე მიმიწვიეს. ზამთრის ლიგა იყო, სადაც მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ბეისბოლის მოთამაშეები. ამ დროს სკაუტები აკვირდებიან ყველას და გარკვეული დროის შემდეგ სთავაზობენ კონტრაქტებს.

–         რა შედეგით დასრულდა ფლო რიდაში ვიზიტი?

–         პირველ რიგში ავიმაღლე კვალიფიკაცია, ვარჯიშები და თამაშები მსოფლიო დონის მოთამაშეებთან ერთად ჩავატარე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. შეკრების ბოლოს სკაუტებმა დამასახელეს 3-4 კაცში რომლებმაც მათი მოწონება დაიმსახურეს და დიდი აპლოდისმენტებითაც დამასაჩუქრეს (იცინის).

–         რომელ ლიგაში გაიარეთ სინჯები?

–         „Atlantic frontier league“, აქ სხვადასხვა პროფესიონალური ლიგებია, რომელიც MLB-ში მოსახვედრად დამაგვირგვინებელია, თუმცა იქამდე ჯერ კიდევ ბევრია. ეს ლიგები პირდაპირ კავშირშია MLB-ის ორგანიზაციასთან, ყველა გზა იქ მიდის.

–         რას წარმოადგენენ MLB-ში ის სკაუტები, რომლებიც შენს თამაშს აკვირდებოდნენ და საინტერესოა რომელი თვისებები გამოარჩიეს შენთან მუშაობის შემდეგ?

–         საკმაოდ სერიოზულ ხალხთან ვიმუშავე. ერთ-ერთი „ბოსტონ რედ სოქსის” ყოფილი მენეჯერი იყო. ასევე იყვნენ სხვადასხვა მაღალი დონის კლუბების მენეჯერებიც, მათთან მუშაობისას საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. სკაუტები, როგორც წესი თავის აზრებს მოთამაშეებთან არ აჟღერებენ, ჩემს მენეჯერთან ჰქონდათ საუბარი და მათი აზრი სატელევიზიო სიუჟეტებიდან მოვისმინე. მოეწონათ ჩემი დარტყმა, სროლა და სურვილი, რომ ბედი მეცადა თითქმის ყველა პოზიციაზე. დიდ ყურადღებას აქცევენ მოთამაშის გუნდელებთან ურთიერთობასაც.

–         რომელ პოზიციაზე თამაშობ?

–         პიჩერად, ანუ მომწოდებლის პოზიციაზე. დარტყმით ყველა ურტყამს, პიჩერებს არ მოეთხოვებათ მაგრამ მაინც ვურტყამ. აქ ვითამაშე პირველ და მესამე ბაზაზე.

–         ახლა რა ეტაპზეა შენი კარიერა, აწარმოებ თუ არა მოლაპარაკებას რომელიმე კლუბთან და უნდა ველოდოთ თუ არა გიორგი ჯალაბაძეს ამერიკულ ლიგაში?

–         ამ ეტაპზე ბერლინის „ფლამინგოსთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი ჩემს გადასვლასთან დაკავშირებით რომელიც  სავარაუდოდ მალევე დასრულდება, მაგრამ არ არის გამორიცხული ამერიკელი სკაუტების შემოთავაზებასაც მივიღო. ამ გუნდთან საცდელი თამაშები გასული წლის ივნისში ჩავატარე, რის შემდეგაც მოხდა მათი მხრიდან დაინტერესება. საკმაოდ ძლიერი გუნდია, მოთამშეები რომლებიც გავიცანი ზოგი საფრანგეთის ნაკრების წევრია, ზოგიც დიდი ბრიტანეთის, არის ასევე ჰონგ კონგის ორი მოთამაშეც. მოკლედ, საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ და ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვიან.

–         ამჟამად რომელ კლუბში თამაშობ?

–         ამჟამად საქართველოს ჩემპიონ თბილისის „მგლებში“ ვირიცხები.

–         ქართულ ბეისბოლზეც მოგვიყევი, რამდენი გუნდი ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატში და რა დონეზეა ეროვნული ნაკრები?

–         საერთო ჯამში 8 კლუბია, რომლებიც ადგილობრივ ჩემპიონატებში იღებს მონაწილეობას. ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები 2016 წლიდან დაუბრუნდა საერთაშორისო ასპარეზს. ამ ორ წელიწადში ესტონეთის და უნგრეთის ნაკრებები დავამარცხეთ და მსოფლიო რეიტინგში 66-დან 58-ე ადგილზე გადავინაცვლეთ.  მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად რაღაც საფეხურები უნდა დავძლიოთ. თავის დროზე A კლასში ვიყავით, მაგრამ 2011 წელს ნაკრებმა დაფინანსების არქონის გამო არსებობა შეწყვიტა. 5 წლის განმავლობაში გაჩერებულები ვიყავით. ახლა ნელ-ნელა წინ მივიწევთ.

–         როგორ პირობებში გიწევთ ვარჯიში? გყოფნით თუ არა ის დაფინანსება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის გამოყოფილი?

–         არ გვყოფნის, მაგრამ წარსულთან შედარებით უკეთესი ვითარებაა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაზა, სადაც ვვარჯიშობდით წაგვართვეს. ნუცუბიძის ფერდობზე მდებარეობდა. ნორმალურ პირობებში ვვარჯიშობდით, დარბაზი და გასახდელი გვქონდა, მაგრამ ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გაიტანა და გაყიდა.  ჯერჯერობით უცნობია რა პირობებში მოგვიწევს ვარჯიში. რეალურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. არც სტადიონი გვაქვს და არც დარბაზი. პირადად მე აგვისტოს შემდეგ არ მივარჯიშია. ამერიკაში სანამ წავიდოდი ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, დავრბოდი და ნაკრების წევრებთან ერთად ფიტნეს ცენტრში დავდიოდი.

–         რამდენი წლის იყავი როდესაც ბეისბოლზე შეხვედი და რამდენად დიდ სირთულეებთან ასოცირდებოდა შენი განვლილი გზა, გაგიჭირდა თუ არა სპორტის ამ სახეობაში თავის დამკვიდრება?

–         კერძო სკოლაში ვსწავლობდი და არჩევით საგნად ბეისბოლი იყო. 8 წლის რომ ვიყავი დედაჩემმა ძალით შემიყვანა. არაევულებრივი მწვრთნელი შემხვდა, რომელიც სპორტის ამ სახეობის ათვისებაში დამეხმარა. დამსახურებული მწვრთნელია, რომელმაც ორჯერ გახადა საქართველოს ასაკრბრივი ნაკრებები ევროპის ჩემპიონი. პატარაობიდან აქტიურად ვვარჯიშობდი და დიდი შრომის შედეგად 15 წლის ასაკში 21 წლამდელთა გუნდში მოვხვდი. 2009 წელს იტალიაში გარდამავალი “მონა ლიზას” თასი მოვიგეთ და საქართველოში წამოვიღეთ. მაღალი კონკურენცია იყო, თან ასაკითაც პატარა ვიყავი. იქიდან მოყოლებული ნაკრების ძირითადი გუნდის წევრი გავხდი, მაშინ ამ ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატები მოიგეს.

–          რომელია შენი საყვარელი გუნდი და მოთამაშე?

–         საყვარელი გუნდი „ნიუ იორკ იანკი“ და მოთამაშე მისი შორთსტოპი, კაპიტანი და უკვე ყოფილი ბეისბოლისტი დერეკ ჯეტერი. ლეგენდაა ეს კაცი. თამაშის უმაღლესი დონის გარდა სტადიონზე ნამდვილი ლიდერი იყო. მარტო ტიტულები და სტატისტიკაც კი საკმარისია მასზე სასაუბროდ.

–         სპორტის სხვა სახეობაში ძალების მოსინჯვაზე არ გიფიქრია?

–         8 წლის ასაკში გული ფეხბურთისკენ მიწევდა, მაგრამ დღეს არ ვნანობ რომ ბეისბოლი ვარჩიე. სამოყვარულო დონეზე ფეხბურთსაც და კალათბურთსაც ვთამაშობ, მაგრამ ბეისბოლი მაინც ჩემია(იცინის).

–         შენს კარიერიდან, ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი შეგიძლია გაიხსენო?

–         იტალიაში Tuscany series – ტურნირზე გამოვდიოდით და ერთ-ერთ იტალიურ გუნდს ვეთამაშებოდით. ძალიან მაგარი ბიჭები გვყავდა. მახსოვს ტურნირი რომ გაიხსნა, ჩემმა გუნდელმა პირველ ჩაწოდებულ ბურთზე ჰოუმ-რანი დაარტყა სტრაიკზე და ბოლოც ჩვენი იყო, 6:5 ვიგებდით, 3 ბაზა სავსე იყო და გადამწყვეტი ბურთი ლევან თელიამ დაიჭირა, თან წაიქცა და ხელთათმანი ზევით ასწია. როგორ შევვარდით სტადიონზე არ მახსოვს, ძალიან მაგარი იყო.

–         ბეისბოლისტის გარდა თუ ეუფლები სხვა პროფესიას?

–         2018 წელს სამედიცინო ფაკულტეტი დავამთავრე. ახლა სასწრაფო დახმარების ცენტრში პრაქტიკანტად ვმუშაობ. 4 დღეში ერთხელ მიწევს 24 საათიანი მორიგეობა. გერმანიაშიც ვიყავი წასული  ერთთვიან კურსზე ტრავმატოლოგიის განყოფილებაში. მიყვარს ეს სფერო, მაგრამ ძალიან დამღლელია.

–         სპორტული კარიერის აწყობის შემდეგ სავარაუდოდ ვეღარ შეძლებ ექიმის პროფესიით მუშაობას, სამომავლოდ თუ გეგმავ სამედიცინო სფეროში დაბრუნებას?

–         სამწუხაროდ, ერთდროულად ორივე საქმე ვერ გამოვა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მედიცინა დამელოდება. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ აუცილებლად გადავინაცვლებ მედიცინაში, ტრამვატოლოგის პროფესიაზე.