ბავშვები-ჩაქვი

საშინელი ავარია აჭარაში – მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი  ხევში გადავარდა და  შედეგად  5  თინეიჯერი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეები მე–11 ან მე–12 კლასელები არიან.

ერთზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასულიერო გიმნაზიაში სწავლობდა. არის ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობები, რომ ერთი დაღუპული სრულწლოვანი იყო. რამდენიმე დაღუპული თანაკლასელია. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ  სავარაუდოდ,  მძღოლმა ავტომაქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. 

შემთხვევა დაახლოებით დღის 2 საათზე მოხდა. ადგილზე დასახმარებლად პირველად ჩაქვისთავში არსებული წყალსაცავის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც მგზავრები უკვე გარდაცვლილები ნახეს. 

გარდაცვლილი მოზარდების ამოსაყვანად ავტომობილის დაჭრა გახდა საჭირო, რადგანაც მაშველებს მათი ამოსვენება გაუჭირდა. 5-ივე  გარდაცვლილი მამრობითი სქესისაა და მათი იდნეტიფიცირება უკვე მომხდარია. თუმცა ადგილზე მისულ პოლიციას მათი ამოცნობა გაუჭირდა, რადგანაც საკმაოდ მძიმე დაზიანებები ჰქონდათ. 

ისინი  ადგილზევე გარდაიცვალნენ.  ცხედრები  ბათუმში სამხარაულის ესქპერტიზის ბიუროში არიან გადასვენებულები. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები ბიუროსთან არ იმყოფებიან. 

„არავინ არაფერი იცის რა მოხდა. 10 მეტრის სიმაღლიდან არის ავტომობილი გადავარდნილი. 5 ადამიანი იჯდა, აქედან 4  მოზარდია  და სუყველა ადგილზევე დაიღუპა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოცურდა. საშინელება მოხდა, ბავშვების იდენტიფიცირებაც კი გაჭირდა იმდენად იყვნენ დაზიანებულები. 

სამაშველო სამსახურმა ძლივს ამოასვენა, მანქანა სრულ დამტვრეულია,  აბა იქ  ვინ გადარჩებოდა. პოლიციამ თქვა ჩაქვის მკვიდრები არიანო და თან ყველა კლასელები ყოფილან. სად მიდიოდნენ ჯერჯერობით არავინ იცის“,-აცახდებს თვითმხილველი. 

როგორც ჩაქვის 1–ელი საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, სკოლის ერთ-ერთ მოსწალეს მეგობარმა ბიძის მანქანით მოაკითხა.

„მე-6 გაკვეთილის შემდეგ, სამს წუთები აკლდა, ჩემი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლის მეგობარს თავისი ბიძის მანქანით მოუკითხია. შემდგომ ისინი ერთ-ერთ ხეობაში, ჩაქვისთავში წასულან და ხრამში მაღალი სიჩქარის გამო, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან, გადავარდნილან. მანქანა ამობრუნებული დავარდნილა და სულყველა ადგილზევე დაღუპულან“, – განაცხადა ტარიელ ქათამაძემ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტრაგედიის გამო ბათუმში საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.  

გაუზიარე მეგობრებს
  •  
  •